„კოვიდ პასპორტების ნეგატიური შედეგი, რომელიც ჩვენს სექტორს შეეხო მოსალოდნელი იყო“, – ამის შესახებ „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ შოთა ბურჯანაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, კოვიდ პასპორტის წესში ცვლილება უნდა შევიდეს.
„ახალი ნორმის ამოქმედების შემდეგ, ძალიან მოუწესრიგებელი იყო ბაზა და აპლიკაცია ქმნიდა ბევრ პრობლემას. ახლა ხარვეზების დიდი ნაწილი გასწორებულია. კოვიდ პასპორტების ნეგატიური შედეგი, რომელიც ჩვენს სექტორს შეეხო, მოსალოდნელი იყო და ამაზე ვსაუბრობდით წინასწარაც. განსაკუთრებით მწვავედ, ეს აისახა რეგიონებში არსებულ კვების ობიექტებზე. ქვეყანაში სულ 30% გვყავს სრულად ვაქცინირებული, რომელსაც მწვანე პასპორტი აქვს და მათი დიდი უმრავლესობა დედაქალაქშია. ცხადია, კონტიგენტი ჩვენს მოგვაკლდა და კვების ობიექტებში სტუმრების რაოდენობა დედაქალაქშიც შემცირდა, მაგრამ ეს განსაკუთრებით რეგიონებში იგრძნობა. კოვიდ პასპორტის წესში თუ ცვლილება არ შევიდა, მხოლოდ უარესის მოლოდინი შეგვიძლია გვქონდეს. სექტორი ისედაც რთულ მდგომარეობაშია და დამატებითი შეზღუდვები უმძიმესად აისახება.
ვლილებაში ვგულისხმობ, ნებაყოფლობითობის წესს – როცა თავად გადაწყვეტს ობიექტი, სურს თუ არა იყოს მწვანე ზონა და კლიენტის ასე მიიღებს გადაწყვეტილებას. სად მივიდეს, იქ სადაც ყველა ვაქცინირებულია, თუ იქ, სადაც შესვლა შეზღუდვების გარეშე ხდება“, – განაცხადა ბურჯანაძემ “ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას.
აღნიშნულს “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კრიტიკული პოსტით ეხმაურება:
“ესენი შემოგზავნილები არიან?!
ისეთი შეგრძნებაა რუსული სპეცსამსახურებიც ვერ დაწერდნენ ასეთ ტექსტს!
გადააჭარბეთ ბატონებო… და მერე ესენი პატრიოტიზმზე ისაუბრებენ!
ზუსტად 30% რომ არის აცრილი, რა გააკეთეთ რომ ეს ციფრი უფრო მაღალი ყოფილიყო?!
სირცხვილია!”, – წერს ფხაკაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
იხილეთ bpn.ge – ზე გამოქვეყნებული მასალა სრულად
