დაკავებული პოეტი, ზვიად რატიანი აცხადებს, რომ ციხეში კუთვნილ პაემანს არ უნიშნავენ, არც ბლოკნოტი და კალამი შედის და ვერც ციხის მაღაზიაში ყიდულობს.
აღნიშნულს პენიტენციური სამსახური ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ზვიად რატიანის ნათქვამი სიმართლეს არ შეესაბამება.
“საზოგადოების ინფორმირების მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ბრალდებულ ზვიად რატიანის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას – თითქოს მას დაწესებულებაში შეზღუდული აქვს პაემნით სარგებლობის უფლება. ბრალდებულ ზვიად რატიანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას, არის სიცრუე, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების სიცრუეში შეყვანას და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დისკრედიტაციას.
პენიტენციური კოდექსის შესაბამისად, ბრალდებულს უფლება აქვს, ერთი თვის განმავლობაში ჰქონდეს ოთხი ხანმოკლე პაემანი და პატიმრობაში (ბრალდებულის სტატუსით პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდი რომლის, ვადაც არ აღემატება 9 თვეს) ყოფნის განმავლობაში – ერთი ხანგრძლივი პაემანი.
ბრალდებულმა ზვიად რატიანმა 2025 წლის სექტემბერში ისარგებლა სამი ხანმოკლე პაემნის უფლებით, ერთი ხანმოკლე პაემანი კი, საკუთარი სურვილით გადაცვალა სატელეფონო საუბარში.
ბრალდებულმა ზვიად რატიანმა 2025 წლის 29 სეტემბერს დაგეგმილი ხანგრძლივი პაემანი სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის უცნობი მიზეზების გამო გააუქმა.
2025 წლის 2 ოქტომბერს ჩანიშნული ხანმოკლე პაემანი მისი განცხადების საფუძველზე, იმ მიზეზით, რომ ჰქონდა სასამართლო პროცესი, გადატანილ იქნა 2025 წლის 13 ოქტომბერს.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ბრალდებულ ზვიად რატიანს მორიგი ხანმოკლე პაემანი ჩანიშნული აქვს 2025 წლის 3 ოქტომბერს.
ბრალდებულის თანხმობის შემთხვევაში, სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს 2025 წლის სექტემბერში ბრალდებულ ზვიად რატიანთან შეხვედრაზე მყოფი ვიზიტორების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს როგორც ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს, ისე ნებისმიერ პირს, თავი შეიკავონ მსგავსი სახის ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან.
დამატებით ვაქვეყნებთ, ბრალდებულ ზვიად რატინის 2025 წლის 29 სექტემბრის განცხადებას, 2025 წლის 2 ოქტომბერს ჩანიშნული ხანმოკლე პაემნის 2025 წლის 13 ოქტომბერს გადატანასთან დაკავშირებით,” – წერია განცხადებაში.