საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების პერიოდში, უკანონოდ ჩამორთმეული საცურაო აუზი დაუბრუნდა!!!”, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ავრცელებს.
“ისტორიული სამართლიანობა აღდგა!!!
ჩვენ ამ მნიშვნელოვანი ფაქტის მომსწრენი გავხდით – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს უკანონოდ ჩამორთმეული საცურაო აუზი დაუბრუნდა!!!
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე და კანცლერი, დოქტორი კარლო კოპალიანი – უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სტუდენტების, აკადემიური და სამეცნიერო წრეების სახელით – მხარდაჭერისა და სამართლიანობის აღდგენისთვის, მადლობას უხდიან საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერებბის მინისტრს მიხეილ ჩხენკელს, ქალაქ თბილისის მერს, ბატონ კახა კალაძეს და ყველა იმ პირს, ვინც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებაში დახმარება გაუწია.
აქამდე იყო ტკივილი, უსამართლობის მძაფრი განცდა, ღირსების შელახვა – საცურაო აუზი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების პერიოდში უკანონოდ ჩამოერთვა. უახლოეს წარსულში მომხდარი ეს გახმაურებული ფაქტი უნივერსიტეტის საზოგადოების მეხსიერებაში უიმედოდ იყო დალექილი და მიტაცებული ქონების დაბრუნება წარმოუდგენლად გვესახებოდა, რადგან როგორც წესი, ურცხვი მძარცველები „კანონიერად“ იფორმებენ მიტაცებულ ქონებას, რომლის დაბრუნება, დროთა განმავლობაში, თითქმის შეუძლებელი ხდება.
ამ სასპორტო სივრცეს – საცურაო აუზს, რომელიც უნივერსიტეტის პირველ სასწავლო კორპუსში 1974 წლიდან არის გახსნილი, მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში.
ერთი მხრივ, მას სტუდენტებისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი დატვირთვა ჰქონდა და მეორე მხრივ, ეს იყო ცურვასა და წყალბურთში საუნივერსიტეტო გუნდების წვრთნისა და სპორტული ღონისძიებების ჩატარების ადგილი.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მხრიდან არის მზაობა, რომ საცურაო აუზის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის გადაცემისთანავე, მისი მოვლა-პატრონობისა და სხვა დეტალური საკითხების შეჯერება უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ერთად მოხდება, რისთვისაც მადლობას ვუხდით მას.
ამ პრეცედენტით მოხდა უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის – დაიმსხვრა სტერეოტიპი და გაჩნდა სამართლიანობის აღდგენის რეალური იმედი, რომ საუნივერსიტეტი “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების პერიოდში უკანონოდ მიტაცებულ თუ ჩამორთმეულ სხვა ქონებასაც ეტაპობრივად დაიბრუნებს, რასაც მომავალი თაობების აღზრდა-განვითარებას მოახმარს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.