გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი და კობახიძის ადმინისტრაციის უფროსი, ლევან ჟორჟოლიანი ერთმანეთს 25 სექტემბერს შეხვდნენ. პეტერ ფიშერმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ შეხვედრა მისი ინიციატივით შედგა.
“შევხვდი, რათა მეკითხა, რომ გერმანიის მთავრობის ხარჯები გათავისუფლებულიყო საქართველოს გრანტების კანონისგან, რადგან ისინი უკვე გათვალისწინებულია გერმანია-საქართველოს შორის მანამდე დადებულ ხელშეკრულებებში. ლეგიტიმური სამართლებრივი კითხვა. პასუხი: არა” – დაწერა ფიშერმა.
წულუკიანს ჟურნალისტმა აღნიშნულზეც ჰკითხა, რაზეც დეპუტატმა თქვა, რომ ეს მოთხოვნა უსამართლო და მიუღებელია.
“სადმე კაფეში რომ ვისხდეთ ყავასთან, გეტყოდით, რომ მისი ეს ნათქვამი ნიშნავს, რომ ის არ არის ამქვეყნად. უფრო ოფიციალურ ენაზე რომ ვთქვა, ეს მისი მოთხოვნა უსამართლო, მიუღებელი და გაუგებარია, ერთი მარტივი მიზეზი გამო, კანონი ეხება ყველას. კანონში ვერ ჩაიწერება, რომ კონკრეტულ გრანტებს, რომელიც უცხოეთიდან შემოდის, ვუწესებთ ამა და ამ ახალ წესს, გარდა გერმანიიდან მომდინარე გრანტებისა, ასეთი რამე კანონში არ იწერება”. – თქვა წულუკიანმა.
ფიშერის განცხადებით, “გერმანია სამომავლო დაფინანსების ფოკუსს მცირე ადმინისტრაციული დანახარჯის მქონე მეგობრებისკენ მიმართავს”. წულუკიანის შეფასებით კი ეს “ბავშვობანას თამაშს ჰგავს” და გერმანიის ელჩს დასერიოზულებისკენ მოუწოდებს.
“ეს ბავშვობანას უფრო ჰგავს, დროა რომ ის დასერიოზულდეს და საქართველო აღიქვას იმად, რაც საქართველო არის“. – თქვა წულუკიანმა