მარგველაშვილს ვინმე რამეს ეკითხება? – ტრაგიკომიკურია მისი განცხადება, – ასე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას სამი პრეზიდენტის შეხვედრის საკითხს.
„ღიმილისმომგვრელიც კი არ არის ეს ყველაფერი, როცა გიორგი მარგველაშვილი საუბრობს, რომ პრეზიდენტის სასახლეში უნდა მივიდეს, ჯერ მას ვინმე რამეს ეკითხება? მერე სააკაშვილი (უნდა მივიდეს) და მას დახვდეს ქალბატონი სალომე. ეს არის ღიმილისმომგვრელი და ღიმილისმომგვრელზე ცოტა უფრო მეტი – ტრაგიკომიკური განცხადება. ამაზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ,“ – განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის აღნიშნულ განცხადებას პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე ეხმაურება და გიორგი მარგველაშვილს მიმართავს:
“როდესაც პრეზიდენტად მხოლოდ იმიტომ აგირჩიეს, რომ ბიძინა ივანიშვილს საღამოობით, ბუხრის პირას შენთან საუბარი სიამოვნებდა. როდესაც ბიძინა ივანიშვილთან პირფერობის შედეგად მოპოვებული მისივე სიმპატია ერთადერთი ფაქტორი აღმოჩნდა შენი გაპრეზიდენტების საქმეში;
როდესაც მთელი საპრეზიდენტო ვადა უაზროდ გალიე და ხალხს მხოლოდ პატრონის ღალატით, უიმედო ვეტოებით, საკუთარი სიტყვის არშესრულებითა და კეკლუცობით დაამახსოვრე თავი…
არ უნდა გაგიკვირდეს, რომ ბიძინა ივანიშვილის გემოვნების ახალი სიმბოლო ასე უდიერად მოგიხსენიებს და უბრალო ხალხიც, ფბ-ინტელიგენციის მიღმა დარჩენილი ადამიანებიც გულის სიღრმეში დაეთანხმებიან მას”, – წერს ლორთქიფანიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
