9 და 12 წლის ბავშვების გაუპატიურებისთვის თბილისში ორი ადამიანი დააკავეს, ერთ-ერთი არასრულწლოვნების მამაა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულები ბავშვებზე სისტემატურად ძალადობდნენ.
აღნიშნულ ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:
“არ მიყვარს საშინელი პოსტების გაზიარება. მგონია, რომ ყველა ასეთი შემთხვევა, განსაკუთრებული ხმაურის გარეშე, ძალიან მკაცრი სამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაშე უნდა დადგეს…
მაგრამ ახლა მხოლოდ იმისთვის ვაზიარებ ამ ყველაფერს, რომ საზოგადოებას ვკითხო – ისევ გგონიათ რომ ქალებისა და ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობა ხელოვნურად წამოწეული თემაა? რომ არ გვჭირდება ამ ყველაფრის მიმართ ხმა ავიმაღლოთ? რომ მშვიდად უნდა ვუყუროთ როგორ ვცხოვრობთ უამრავი მსგავსი ამაზრზენი შემთხვევის პირობებში?
საზოგადოებრივი აზრი ძლიერი ინსტრუმენტია, ის ამარცხებს ყველაზე რთულ პრობლემებსაც კი. მინდა, რომ საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაცია მოვახდინოთ ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგ და ამ ყველაფერს შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა დავახვედროთ”, – წერს წილოსანი სოციალურ ქსელში.
მომხდარზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 137-ე (ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გაუპატიურება) და 140- ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.
დანაშაული 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.