ელენე ხოშტარია საპატიმროდან წერილს ავრცელებს, რომელშიც საუბრობს მის მორალური და პოლიტიკური პოზიციაზე, რომელიც მოიაზრებს, რომ ის არ აპირებს არანაირი სახით ითანამშრომლოს “რეჟიმთან” და უარს აცხადებს სახაზინო ადვოკატთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციაზე.
“ვწუხვარ, რომ მიწევს ჩემს საქმეზე კიდევ თქვენი შეწუხება, მაგრამ ეს საკითხი მე მცდება, ბინძური და მანკიერი პრაქტიკის მხილებაა.
ჩემი პრინციპული, მორალური და პოლიტიკური პოზიციაა:
1. ნულოვანი თანამშრომლობა რეჟიმთან, რომლის ნაწილია ე.წ სამართალდამცავები და ე.წ სასამართლო. წლებია არც ერთი ჯარიმა არ გადამიხდია და ეს არის არა სიჯიუტე, არამედ რუსების არაღიარება.
2. არც მე და არც მეგის სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაგვიდენია (მზად ვარ კალაძეს დავუმზადო ახალი ბანერი, ოღონდ ზედ რუსული ოცნება ეწერება, რაც სიმართლეა) შესაბამისად, მე არ ვაღიარებ ამ საქმეს და არც ერთ სასამართლო სხდომას, არ მჭირდება ადვოკატის მომსახურება ამ ე.წ სხდომებზე.
სახაზინო ადვოკატმა, ირაკლი ბენიამ:
1. მოიტყუა სასამართლოზე, რომ მე მას არ შევხვდი. მე მას შევხვდი და უკიდურესად მკაფიოდ დავუზუსტე, რომ წინააღმდეგი ვარ მისი დაცვის და მას არ აქვს უფლება
2. საერთოდ შოკირებული ვარ, რომ ჩემი უარის შემდეგ, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, აიღო და ეს ე.წ საქმე შეიტანა ე.წ სააპელაციო სასამართლოში.
ვინმემ ეგებ ამიხსნას, რა ადამიანური, პროფესიული, თუ ნებისმიერი ეთიკაა პატიმრობაში მყოფი ადამიანის ნების წინააღმდეგ, ამასთანავე, პოლიტიკურ პატიმრობაში მყოფი ადამიანის პოლიტიკური პოზიციის წინააღმდეგ მოქმედებდეს ადვოკატი, გინდაც სახაზინო იყოს ის და გინდაც სამეფო.
კიდევ ერთხელ მკაფიოდ, საჯაროდ ვაცხადებ: ამ გასაჩივრებას ჩემთან არანაირი კავშირი არ აქვს, ის ჩემი ნების საწინააღმდეგოა.
ბოდიშს ვუხდი ბატონ ირაკლის წინა პოსტში პირად შეურაცხყოფად თუ მიიღო სიტყვა „შარლატანი“. პირადი შეურაცხყოფა ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა”, – წერს ელენე ხოშტარია.