ეკატერინე ტიკარაძის ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან გადადგომის საკითხსა და მის შემცვლელთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს უძღვნის.
“დიდი სურვილი მაქვს ჩემი ქვეყნის მოქალაქეებში გაიფანტოს მაღალი თანამდებობების მიმართ მაგიური ზემოქმედებითი გავლენა და აღარ გვქონდეს ლამის ირაციონალური პატივისცემა და რიდი (ოცნებასაც არ ვწერ, რადგან ზოგისთვის ის ოცნების მიღმაცაა) “თანამდებობის პირებისადმი”.
მოგეხსენებათ, ახლა გათავისუფლდა ჯანდაცვის (მოკლედ ვამბობ) მინისტრის თანამდებობა და არის ერთი ამბავი – გამოკითხვები და მარჩიელობა – ვის დააყენებენ, ვის დანიშნავენ იქ, “ზევიდან”!?
მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მინისტრად დანიშვნა ჰგონია ოლიმპოზე, ღმერთების რანგში აყვანა. სრულიად ჩამორჩენილი შეხედულებაა! არის კი ასეთი მიმზიდველი მინისტრობა? განსაკუთრებით, ჩემს ახალგაზრდა მეგობრებრებს და თანამემამულეებს მივმართავ და მათ მინდა ჰქონდეთ სწორი, გამართული ხედვა.
ფინანსური თვალსაზრისით: ვნახე მინისტრის ხელფასი (საჯარო ინფორმაციაა), 3 500 ძირითადი +2 700 ლარი დანამატი. ეს დარიცხული და ჯამში, თვეში ხელზე გამოსდით 5 000 ლარის ფარგლებში. ნუ დაიჯერებთ ჭორებს, რომ “ჯანდაცვის მინისტრები მილიონებს აკეთებენ!” თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ 14-15 წელია ასეთი რამ არ მომხდარა და იმედი – რომ არასდროს მოხდება! ეს ჭორები მართალიც რომ იყოს, “თქვენ” ხომ არ ხართ ასეთი?! “თქვენ” რომ დაგნიშნონ, ხომ არ მოიპარავთ ფულს და იქნებით ამ ხელფასის ამარა?! ჰოდა, უნდა გითხრათ, რომ თვეში 5 000 ლარი არცერთი გამორჩეული, მოთხოვნადი ექიმისთვის არაა საოცნებო ხელფასი. არც კარგი მენეჯერისთვისაა ეს თანხა რაღაც საოცარი.
ამიტომ, ჩემი აზრით, არცერთი გამორჩეული ექიმი, ან მაგარი მენეჯერი არ წავა ამ ეფემერულ, არასტაბილურ სამუშაოზე, სადაც დღე და ღამე უნდა იმუშაო, ძილშიც ფიქრისგან თავი გტკიოდეს და მაინც მოსახლეობის დიდი ნაწილი უკმაყოფილო გყავდეს და ორშაურად გაგინებდეს დედას! ოპოზიციაზე არაფერს ვამბობ… ამ ფასად არ ღირს ნამდვილად!
ამიტომ, ვინ უნდა წავიდეს ამ თანამდებობაზე? როგორაა სხვაგან? ცხადია პოლიტიკოსი! ადამიანი ვისაც აქვს ამ მიმართულებით პოლიტიკის წარმოების ვალდებულება, თავისი გუნდის წინაშე. აქ კარგი ექიმობა ან რაიმე სენტიმენტები გამორიცხულია. მეტიც- სასაცილოც!
ისე, გულახდილად რომ ვთქვათ – არც ექიმობაა აუცილებელი, მაგრამ კონსერვატორები ვართ ექიმები და მაინცდამაინც არ გვიყვარს, როცა მინისტრი სხვა პროფესიისაა (მგონი სულ 1 შემთხვევა იყო ჩვენთან). მთავარი და შეიძლება ერთადერთიც, რაც მოეთხოვება მინისტრობის კანდიდატს, არის სისტემური აზროვნება. სასურველია, მთელი სისტემა დეტალებში ჰქონდეს წარმოდგენილი. აუცილებელია ასევე, რომ მინისტრი ეთანხმებოდეს არსებულ სისტემას, ან თუ თვლის რომ სისტემა (ამ შემთხვევაში ჯანდაცვის) შესაცვლელია – წინასწარ წარმოადგინოს შეცვლის კონცეფცია.
პ.ს. ერთ-ერთ საიტი ეკითხებოდა მკითხველს – ვის ისურვებდა ჯანდაცვის მინისტრად. აბსოლუტური უმრავლესობის პასუხი ისეთი იყო, რომ ისევ დავრწმუნდი დიდ სიბრძნეში: ძალიან ბევრ ხალხს ერთდროულად, ჭკუა არ უნდა მოკითხო!”, – წერს გადელია “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
მინისტრობის 30 თვის თავზე, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა. 9 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ ოფისში, მოულოდნელად დანიშნულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების წინაშე ის სრულიად მარტო, თანაგუნდელებისა და თანაპარტიელების გარეშე წარსდგა.
აღნიშნული გადაწყვეტილების კონკრეტულ მიზეზებზე არ უსაუბრია, თუმცა თქვა, რომ რჩება გუნდში და მუშაობას პარტიის პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.
