ქართველი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ბევრი ადამიანი გულუბრყვილოდ იჯერებს მილიარდიან დაპირებებს.
“ბევრი გულუბრყვილოდ იჯერებს ხოლმე მილიარდიან დაპირებებს. მათ შორის სერიოზული ხალხი.
როცა ქუთაისში ჩინური მანქანების გამოშვების პრეზენტაცია ზარზეიმით გაიმართა, საკმარისი იყო რამდენიმე მაჩვენებლისთვის შეგეხედა( ფასი, წელიწადში გაყიდვების რაოდენობა, ინვესტიციების მოცულობა და ა. შ. ), რომ მარტივი დასკვნები გამოგეტანა. იმავე დღეს ვთქვი, რომ ეს ან ბლეფია ან არაპროფესიონალიზმი, რომ ეს ქარხანა არ აშენდება. როგორო, უკვირდა ხალხს.
მეორე მაგალითი: თბილისში მილიარდდოლარიანი ე. წ. ადრონული თერაპიის ცენტრი აშენდებაო, იბლეფა წინასაარჩევნოდ ივანიშვილმა, მსოფლიოში მეოთხე თუ მეხუთე, სიმსივნის სამკურნალოდო. სისულელეა მეთქი. უკვირდათ, როგორ, გია დვალია ამ პროექტში, ვიღაც შვეიცარიელები თუ ამერიკელები ჩამოიყვანა და ისინიც ადასტურებენო. სადაა ეს ცენტრი. ქუთაისის უნივერსიტეტში ერთი აპარატურა დადგეს თუ აპირებენ დაყენებას და ამით მორჩა ეს ისტორია.
არაბული 6 მილიარდი რომ ბლეფია ათი წლის მერე ყველა მიხვდება. მანამდე მართლაც დაიწყებენ მდიდრული კოტეჯების მშენებლობას გონიოში და რუსთავის მიმართულებით, თბილისში, ქალაქგარეთ. თითო მიმართულებით ალბათ 50 მილიონ დოლარს დახარჯავენ. 5-7 წელიწადი გაგრძელდება და პროპაგანდისათვის სულ 6 მილიარდის ძახილში იქნებოდნენ( არ იქნება ეს ხელისუფლება მაგ დროს და უფრო ადრეც). არაბებმა 100 მილიონზე მეტი ბილტმორში ჩადეს და 60 მილიონამდე შერატონ-მეტეხში. ეს არის ყველაზე დიდი ინვესტიცია მათი მხრიდან. ეს დიდი, კაპიტალტევადი პროექტები ქვეყნის დედაქალაქშია. გონიოში ან სართიჭალაში მილიარდი დოლარის ორსართულიანი სახლები ვინ უნდა იყიდოს? უცხოეთში გაყიდიან? ალბათ, მაგრამ მასშტაბში ლამის ასმაგი აცდენაა. 600 მილიონი დოლარი რომ ეთქვათ, ათჯერ ნაკლები( რაც ასევე არარეალისტურია), შეიძლება ვიღაცას დაეჯერა( თუმცა ამ ზღაპარის ალბათ ბევრს სჯერა, ატომური თერაპიისა ცენტრისა არ იყოს).
მსგავსი სისულელეა სხვა ტიპის განცხადებები, რომლის განხორციელებას ვითომ აპირებს მთავრობა. ნამახვანს, ნენსკრას და ხუდონს სახელმწიფო ააშენებს, არ გვინდა უცხოელი ინვესტორებიო, იძახდა ღარიბაშვილი. 3 მილიარდზე მერი ჯდება სამივე ერთად.
დაანებონ თავი მილიარდი ლარის ღირებულების სტადიონის მშენებლობას , დაანებონ თავი ამ ჩინელებს, რომლებსაც ორი წელია ვერავინ ვერაფერი გაუგო და ანაკლია მაინც ააშენონ და მერე გადასცენ უცხოელებს მართვაში. გუდაურის 22 კილომეტრიანი გზა და გვირაბები ზუსტად იმდენი ჯდება, რამდენიც ანაკლია.
კობახიძემ სახელმწიფო საწარმოები წელიწადში 700 მილიონ ლარს იპარავდნენ ჩემამდეო. ორ წელიწადში ერთი ანაკლია შეუჭამიათ.
უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება ამათი მავნებლობის და ჩვენი გულუბრყვილობის.
როგორ უნდა ბედავდეს ხალხთან შეხვედრას კალაძე, როცა გადაწყდა, რომ მთავრობა იწყებს რუსული “ინტერრაოსთვის” 94 მილიონი დოლარის გადახდას, რაც კალაძის მიერ დანაშაულებრივი ხელშეკრულების შედეგად დაგვეკისრა? ერთი შეკითხვაც არ დაუსვამთ ამაზე, სამაგიეროდ ორი ავტიგოლის კლიპებით სავსეა სოციალური ქსელები.
ცუდია, რომ ორ გოლს გაიტან საკუთარ კარში ერთ თამაშში( მგონი ასეთი რამ არავის მოსვლია), მაგრამ რომც არ გაეტანა, დიდი მნიშვნელობა არც ჰქონდა, მაინც გავარდნილები ვიყავით მაშინ, აი, ასეულ მილიონები რომ გააქვს ბიუჯეტიდან და ამას ვეგუებით, ესაა გასაკვირი” – წერს რომან გოცირიძე.