„დაიწყეს ზეწოლა ჩემს შვილ, პოლიტპატიმარ გიორგი ჩიკვაიძეზე, გლდანის მე-8 დაწესებულებაში. მას აუკრძალეს პირისპირ შეხვედრა მშობლებთან, რასაც თვითონ და ოჯახი უკავშირებს გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათში“ გასულ მის რეპორტაჟს. ეს აკრძალვა დაუწესეს პატიმარს, რომელიც ეტლს მიაჯაჭვეს ციხეში. ასე დაიწყო თავისი საქმიანობა გლდანის მე-8 დაწესებულების ახალმა დირექტორმა რამაზ ფირცხალავამ, არ გირჩევთ ასეთ საქციელს“, – წერს გიორგი ჩიკვაიძის დედა, ეკა წერეთელი სოციალურ ქსელში.
„ტვ პირველის“ ეთერში გასულ რეპორტაჟში კითხვას – „რუსეთი ამერიკული სპესამსახურების თანამშრომლებზე თავდასხმისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილ ე.წ. ქოლცენტრებს იყენებს? აქ გამოაგზავნეს ადამიანები?“ – ჩიკვაიძე პასუხობს:
„კიბატონო, იმიტომ, რომ აქ ძალიან მოქნილია ეს ქოლცენტრები, იმიტომ, რომ პრაქტიკა დიდი აქვთ და საოპერაციოდ იყო შერჩეული თბილისში არსებული ქოლცენტრები“.
ჩიკვაიძის თქმით, მათი დავალება 2024 წლის დეკემბერ- 2025 წლის იანვარში იყო FBI-ის მაღალჩინოსნების „დავერბოვკება“. ჩიკვაძიე ამბობდა, რომ რუსეთიდან საქართველოში ჩამოსული მოქალაქეების ნაწილი სპესამსახურებთან თანამშრომლობს. მისივე თქმით, გაავრცელებდა მისამართებს, სადაც ცხოვრობენ „მაკონტროლებლები“, რომლებიც მართავენ მუშახელს „ქოლცენტრებში“.