რუსი ინვესტორი „სამხრეთ ოსეთში,“ დანგრეულ ჯავაში სანატორიუმ „ძაუს“ ადგილას საკურორტო კომპლექსის შექმნაში, დაახლოებით, 2 მლრდ რუბლს (24 მლნ დოლარს) ჩადებს. ამის შესახებ ინფორმაციას BPN-ი ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფართობი, თითქმის, 10 ჰექტარს მოიცავს, ხოლო პირველი ეტაპი 200 მლნ რუბლი დაჯდება. ეს თანხა ტყის გაწმენდას მოხმარდება, რომ პარკის ტერიტორიაზე არსებული ძველი შენობების დემონტაჟი მოხდეს. ასევე, ნაგებობებს ექსპერტიზა ჩაუტარდებათ.
პროექტი რამდენიმე წლის განმავლობაში სახელმწიფოს და კერძო ბიზნესის პარტნიორობით განხორციელდება.
„სანატორიულ-საკურორტო კომპლექსი ეტაპობრივად აშენდება. პირველი ორი წლის განმავლობაში მთავარი შენობის დასრულება გვსურს. ასევე, დანგრეული ხის კონსტრუქციები ხელახლა აშენდება, სადაც მუზეუმი გაკეთდება. შემდეგ დავიწყებთ ტერიტორიის განვითარების გენერალური გეგმის ჩვენებასა და შემდგომ შემუშავებას. ვფიქრობ, ეს ყველაფერი სრულად 3,5-4 წელიწადში უნდა დავასრულოთ,“ – აცხადებს ლადოჩკინი.