ქართველი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში საერთაშორისო არბიტრაჟში დავებისას უცხოური საადვოკატო კომპანიებისათვის გადახდილ იქნა ასეულ მილიონობით ლარი.
“ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში საერთაშორისო არბიტრაჟში დავებისას უცხოური საადვოკატო კომპანიებისათვის გადახდილ იქნა ასეულ მილიონობით ლარი. არაფრად ანაღვლებთ ბიუჯეტის ფული. როგორც ჩანს, არა მხოლოდ ფლანგვასთან გვაქვს საქმე, არამედ კორუფციასთანაც.
ბოლო მაგალითი გავიხსენოთ. რუსულ კომპანია “ინტერრაოსთან” სახელმწიფომ წააგო დავა და დაეკისრა 76 მილიონი დოლარის ანაზღაურება. ადვოკატებმაც მილიონები წაიღეს. მთავრობამ არ გადაიხადა დაკისრებული ვალი. ვინ ურჩია, რომ ასე მოქცეულიყო? ალბათ იმავე იურიდიულმა კომპანიებმა. გაასაჩივრეს ხელახლა საქმე, რომელშიც ასპროცენტიანი მარცხი გარანტირებული იყო კალაძის მიერ გაფორმებული დანაშაულებრივი ხელშეკრულების გამო. კვლავ მილიონები წაიღეს ადვოკატებმა, საქართველო კვლამ დამარცხდა და ვალის დრულად არდაფარვის გამო ჯარიმის სახით დამატებით 18 მილიონი დოლარის ანაზღაურება დაგვეკისრა. გადასახდელი 94 მილიონი დოლარია. ასე გაქრა ბიუჯეტიდან დამატებით 60 მილიონი ლარი. ფინანსთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ მომავალი წლიდან იწყებს მის დაფარვას.
კალაძე რომ დიდ დიღომში 100 მილიონი დოლარის ღირებულების ტრამვაის ხაზის გაყვანას ჰპირდება ხალხს, ერთი ტრამვაის ხაზი უკვე დაიკარგა მისი წყალობით. ამ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეები თუ თუნდაც არმონაწილეები ათას რამეზე საუბრობენ, გარდა მთავარისა. ერთი ბრიფინგი მაინც მოაწყვეთ თუნდაც მას შემდეგ, რაც სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსებს უნდა ვთხოვოთ, იქნებ დროში გაწერილი გრაფიკით დაგვაფარინონ ეს ვალიო.
კი, სასაცილოა კალაძის ფართხუნა შარვლები და ქურდული ტატუები, დავცინოთ, მაგრამ მთავარის გამორჩევა უნდა შეგვეძლოს წვრილმანისაგან”, -წერია განცხადებაში.