შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილი ამბობს, რომ ქართულ ოცნებას 2023 წლის რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს ჰქონდა მცდელობა, რომ აქციაზე თავდაცვის სამინისტროს ძალები ჩაერთო, თუმცა, სავარაუდოდ, ამას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა.
ის აღნიშნავს, რომ შემდეგ ქართულმა ოცნებამ მიიღო გადაწყვეტილება, დაეპრინტა გდდ-ის ფორმები და ასე გაეშვა ქვედანაყოფები აქციაზე, თუმცა, ამაზე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა უარი თქვეს.
მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების ეს წინააღმდეგობა “მალევე ჩაფარცხეს”.
“2023 წლის გაზაფხულის აქციებზე, როდესაც პირველად მიიღეს რუსული კანონი, მაშინ ჰქონდათ მცდელობა, რომ ჩაერთოთ პროცესებში თავდაცვის სამინისტრო, თუმცა მაშინ პრეზიდენტი იყო სალომე ზურაბიშვილი, ის დიდი ალბათობით ამას ხელს არ მოაწერდა, რადგან ჯარის გამოყენებაზე, როგორც მოგეხსენებათ, პრეზიდენტის ნებართვა და განკარგულებაა საჭირო პარლამენტის წარდგენის საფუძველზე და სასწრაფოდ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაეპრინტათ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ფორმები და ჩაეცვათ და ასე ვთქვათ, ასე, შავად გაეყვანათ ქვედანაყოფები, თუმცა, მაშინ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა ამაზე უარი თქვეს და შეხვდათ ძალიან დიდი წინააღმდეგობა და ეს საკითხი, სასწრაფო წესით ისე ჩაფარცხეს, რომ საზოგადოებაში ეს თემა არ გასულიყო და არ გახმაურებულიყო”, – თქვა ირაკლი შაიშმელაშვილმა TV პირველის ეთერში.
ამ კონტექსტში, მან ისაუბრა 4 ოქტომბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზეც და თქვა, რომ “რეჟიმი პანიკაშია”, რისი საფუძველიც, მისივე თქმით, არის როგორც შიდა კულუარებში, ასევე ქვედანაყოფებში მიმდინარე ამბები და მაღალი თანამდებობის პირების საუბრები.