დღეს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეა, მას 58 წელი შეუსრულდებოდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ზურაბ ჟვანიას მეგობარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
“ზურა 41 წლის დარჩა… ჩვენ ვბერდებით!!!
თავისი ნიჭიერებით და პიროვნული თვისებებით, მან შეძლო შეექმნა მთელი ეპოქა ქართულ პოლიტიკაში. კარგი?.. ცუდი?… ამას ისტორია იტყვის! მე ბედნიერი ვარ, რომ ვიყავი მის გვერდით. მე მეამაყება ყოველი წუთი ზურასთან ყოფნის. იშვიათია ადამიანი, რომელმაც შეძლო, ასე მოკლე დროში, საოცრად ეფექტური ცხოვრებით ეცხოვრა. რომელმაც შეძლო, უამრავი ადამიანისთვის მიეცა საშუალება საკუთარი შესაძლებლობების გამოყენების, გამოვლენის, უბრალოდ, ნორმალური ცხოვრების!
მე შენ მიყვარხარ! მე შენ მენატრები! მე შენით ვამაყობ, ზურა!
P.S.
ის დღეს ციხეშია! ამბობენ, ფსიქიკური პრობლემები აქვსო. არ მიკვირს… სინდისის რა გითხრა და, მოგონებები აწუხებს, ალბათ… მაინც ადამიანია და ფიქრს ვერსად გაექცევა…
არ ღირს მასზე დღეს საუბარი. ფაქტია, – “ათას ცოცხალსა ბევრჯერა, ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია.”
მენატრები….”, – წერს ხათუნა ხოფერია “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

ზურაბ ჟვანია 1963 წლის 9 დეკემბერს, თბილისში დაიბადა. 1992 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრი იყო; 1993 წელს “საქართველოს მოქალაქეთა კავშირის” გენერალურ მდივნად და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს.
2001 წლის ოქტომბერში ზურაბ ჟვანია პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა, 2003 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ კი პარლამენტის მიერ დამტკიცდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ხოლო 2004 წლის 17 თებერვალს პრემიერ-მინისტრის პოსტზე.
“მე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელი “- ეს სიტყვები სწორედ ზურაბ ჟვანიას ეკუთვნის, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს გაწევრიანებისას, 1999 წლის 27 იანვარს წარმოთქვა. ამ დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთსულოვნად მხარი დაუჭირა საქართველოს გაწევრიანებას ევროპის საბჭოში.
ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. (ოფიციალური ცნობით: გასათბობი მოწყობილობიდან გაჟონილი მომწამვლელი ნახშირჟანგის აირით).
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
