ადვოკატი, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:
“ვატო წერეთელს ვუსმენ, როგორ ითხოვს მძიმე ონკოლოგიური ავადმყოფი მამის გაყვანას ისრაელში და პროკურატურა არც იმჩნევს მის განცხადებებს.
ქვეყანაში, სადაც ეს რეალობაა, ვინც კარგად გრძნობს თავს, ის კარგად არაა”, – წერს გვარამია “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
ტელეკომპანია “პირველის” დამფუძნებლის, ვახტანგ წერეთლის, განცხადებით, მის მამას, ავთანდილ წერეთელს, რომელიც დღეს ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლოს ჩვენებას აძლევს, მძიმე დიაგნოზის გამო მკურნალობის გაგრძელება საზღვარგარეთ ესაჭიროება.
როგორც TV – “პირველის” დამფუძნებელი ამბობს, ქვეყნიდან გასვლის შესახებ ნებართვას პროკურატურისგან 4 დღეა, უშედეგოდ ელოდება.
” ექვსი თვის წინ მამას თირკმელზე უმძიმესი ოპერაცია გავუკეთეთ, ჰქონდა კიბო, რის გამოც ახლა ქვეყნის გარეთ ისევ გასვლა გვიწევს. პროკურატურას ოთხი დღეა, უკვე მივმართეთ, რომ მას მისცენ საშუალება, გავიდეს სამკურნალოდ. 4 დღეა, პროკურატურა საერთოდ პასუხსაც არ გვცემს. ეს არის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის შურისძიება ჩემს ოჯახზე. მას უნდა, რომ ჩემი ოჯახის წევრის ლეტალური შედეგი დადგეს, იმიტომ, რომ თქვენ გახსოვთ, რომ რამდენიმე ხნის წინ იმდენი ატარეს სასამართლო დარბაზში, რომ ბოლოს ადამიანი გულის შეტევით საავადმყოფოში მოახვედრეს. ეს რომ პირადად ბიძინა ივანიშვილის შურისძიებაა ჩემს ოჯახზე, ამას პირადად მე დავამტკიცებ. ადამიანმა 6 თვის წინ უმძიმესი ოპერაცია გაიკეთა თირკმლის კიბოსი. დღეს რომ სასამართლოს არ გასჩენოდა რაიმე კითხვა, რომ არიდება უნდოდა სასამართლოსი, გადავწიეთ ყევლაფერი, რომ დღეს მიეცა მას ჩვენება. ჩვენებასაც იძლევა, მაგრამ ჩვენების მერეც კი პროკურატირა 4 დღეა, ჩვენ არ გვეუბნება არანაირ პასუხს. ეს არის ჯალათების ხელისუფლება, – განაცხადა ვახტანგფ წერეთელმა.
საქალაქო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის განხილვა მიმდინარეობს, სადაც ჩვენებას დღეს ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი აძლევენ.
