აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კონსერვატორი კომენტატორის, პოლიტიკური აქტივისტისა და პოდკასტერის, ჩარლი კირკის მკვლელობას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს არის ბნელი მომენტი ამერიკისთვის.
მისივე თქმით, “ადმინისტრაცია იპოვის ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ სისასტიკეში”.
“ეს ბნელი მომენტია ამერიკისთვის. ჩარლი კირკი სიხარულით მოგზაურობდა მთელი ქვეყნის მასშტაბით და ესაუბრებოდა ყველას, ვინც დაინტერესებული იყო კეთილსინდისიერი დებატებით. მისი მისია იყო ახალგაზრდების პოლიტიკურ პროცესში ჩართვა, რასაც ყველაზე კარგად აკეთებდა, რათა გაეზიარებინა თავისი სიყვარული ქვეყნის მიმართ და გაევრცელებინა საღი აზრი მარტივი სიტყვებით[…]
წლების განმავლობაში რადიკალური მემარცხენეები ისეთ შესანიშნავ ამერიკელებს, როგორიცაა ჩარლი, ადარებდნენ ნაცისტებს და მსოფლიოში ყველაზე საშინელ მასობრივ მკვლელებსა და დამნაშავეებს. ამ ტიპის რიტორიკა პირდაპირ კავშირშია იმ ტერორიზმთან, რომელსაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ვხედავთ და ის ახლავე უნდა შეწყდეს. ჩემი ადმინისტრაცია იპოვის ყველას და თითოეულ მათგანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ სისასტიკეში და სხვა პოლიტიკურ ძალადობაში, მათ შორის ორგანიზაციებს, რომლებიც აფინანსებენ და მხარს უჭერენ მას, ასევე მათ, ვინც დევნის ჩვენს მოსამართლეებს, სამართალდამცავ ორგანოებს და ყველას, ვინც წესრიგს ამყარებს ჩვენს ქვეყანაში“, – აცხადებს ტრამპი.