ხელოვნებათმცოდნე, კინოკრიტიკოსი, “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი გოგი გვახარია “ფეისბუქის” პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ის ეხმაურება მეცხრე კლასის ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოში („საქართველოსა და მსოფლიოს ისტორია“) შესულ ერთ-ერთ თავს, რომელშიც აღწერილია ფაქტები და ინფორმაცია 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებისა და მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ.
“ბევრმა დაწერა უკვე რომ განათლების სამინისტრო უხეშად ერეოდა სახელმძღვანელოს შედგენაში და ამით ცოტა არ იყოს გაამართლა წიგნის ავტორები.
ეს გამართლება (რომელსაც ყველა მივეჩვიეთ) შემზარავია. კინოცენზურის ისტორიის შესწავლისას ამან გამაოცა სწორედ – ქართველი რეჟისორები ხშირად ღიად აცხადებდნენ, რა ვქნათ, მოსკოვმა დაგვიმახინჯა ფილმი, კომპრომისზე რომ უარი გვეთქვა, თაროზე შემოდებდნენო.
1986 წლის საკონფლიქტო კომისიამ, რომელიც სსრკ კინემატოგრაფისტთა ყრილობაზე შეიქმნა, მუშაობის პირველივე კვირას 68 აკრძალული ფილმი დაასახელა, ანუ ის სურათები, რომლებიც ეკრანებზე არ გამოუშვეს მხოლოდ იმიტომ, რომ ავტორებმა კუპიურებზე უარი განაცხადეს. ასკოლდოვის “კომისრის” ნეგატივის დაწვაც კი მოინდომეს (როგორც თავის დროზე “ბეჟას მდელოსი”), უბრალოდ რეჟისორმა მოისყიდა კინოფონდის ყარაული და რამდენიმე ბოთლი არყის ფასად გამოიტანა ფირი.
ამ სიაში ერთი ქართული ფილმიც არაა”, – წერს გვახარია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2020 და 2021 წლებში მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის ისტორიის 2 ახალ სახელმძღვანელოს გრიფირება მიანიჭა. მოქალაქეების ნაწილში პროტესტი აღძრა წიგნებში ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ ინფორმაციას.
2021 წელს გამოცემულ ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოში თხრობა მთავრდება 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებითა და ბიძინა ივანიშვილის შესახებ შემდეგი სახის ინფორმაციით:
„საქართველოში დემოკრატიულ ტენდენციებს შეუქცევადი ხასიათი ჰქონდა. ამის გამოხატულება იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, როდესაც მმართველი პარტია “ნაციონალური მოძრაობა” დამარცხდა და ოპოზიციურმა “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა. მთავრობის მეთაური, პრემიერ-მინისტრი, “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ცნობილი ქველმოქმედი და მეცენატი, ბიძინა ივანიშვილი გახდა. ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, საქართველოს ევროპული კურსი არ შეცვლილა და პირიქით, ინტეგრაცია კიდევ უფრო გაღრმავდა. საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდა“.
გრიფირების მიზანია სკოლის სახელმძღვანელოების ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობის დადგენა, რამდენად შეესაბამება აღნიშნული წიგნები ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს, ასევე რამდენად გამართულია ისინი შინაარსობრივად, მეთოდურად და ტექნიკურად.
2018-2024 წლის ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, სასწავლო კურსის განმავლობაში მოსწავლე უნდა გაეცნოს საქართველოს ისტორიის უმთავრეს ეპიზოდებს უძველესი დროიდან დღემდე და დაუკავშიროს ისინი მსოფლიო ისტორიის საკვანძო მოვლენებს.