„ძლიერმა საქართველომ“, 2025 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის, სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში კოალიციის მერობის კანდიდატები წარადგინა.
ზუგდიდში „ძლიერი საქართველოს“ მერობის კანდიდატია გიორგი თოდუა; ხობში – იური ბუკია; ჩოხატაურში – ნუგზარ ჩხიკვაძე; ხარაგაულში – ინგა მაღრაძე; სამტრედიაში – ბადრი ვაშაკიძე; ხონში – გელა ბობოხიძე.
„ძალიან მაგარი ამბავი ხდება ის, რომ წინასაარჩევნო კოორდინაცია გვაქვს ძალიან მაგარ პოლიტიკურ ჯგუფთან, რომელიც ჩვენი კონკურენტია, მაგრამ შევთანხმდით გიორგი გახარიას პოლიტიკურ გუნდთან, რომ უფრო დიდი მიზანი უნდა გვაერთიანებდეს და ამ დიდი მიზნისკენ სვლისას ჩვენი ამბიციები, ეგო უკან დავწიოთ, ჩვენ წყენებზე მაღლა დავდგეთ. აქამდე, ქართველმა პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა ვაჩვენეთ მთელ მსოფლიოს, მტერსაც და მოყვარესაც, რომ ერთმანეთის ლანძღვაში ვართ მსოფლიო ჩემპიონები, ოლიმპიური ჩემპიონები ერთმანეთისთვის ფეხის დადებაში, შეურაცხყოფის მიყენებაში, მაგრამ ეს დრო წარსულს უნდა ჩავაბაროთ, თუ ჩვენ გვაქვს ამბიცია იმისა, რომ გადავიბაროთ საქართველოს ბედი, ხელისუფლება“, – განაცხადა „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა კანდიდატების წარდგენისას.