კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის და ქურდული სამყაროს წევრისათვის მიმართვის ფაქტებზე 30 პირი დააკავეს, ხოლო ორ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ქურდული სამყაროს წევრისათვის მიმართვის ფაქტზე დაკავებულია 19 პირი, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე – 7, ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე 4 პირი, ხოლო 2 პირს, ეგრედ წოდებულ კანონიერ ქურდს, თენგიზ ხოფერიასა, მეტსახელად “ჭინკას” და თ.კ – ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.
“გამოძიებით დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები, პირადი სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში ერთვებოდნენ, მოდავე მხარეებთან ერთად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს, ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ, ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ გადაწყვეტილებებს და მეორე მხარეს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით, ე.წ. ქურდულ გარჩევებში, საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდი – თენგიზ ხოფერია მეტსახელად “ჭინკა” მონაწილეობდა.
პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ფული. ასევე, ამოღებულია ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ქართველ კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა და ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მე-2, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.