2025 წლის 5 იანვარს, მესტიაში ტურისტებზე თავდასხმისა და ერთ-ერთის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირებს 18-18 წელი მიესაჯათ.
უწყების ცნობით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ყაჩაღობის და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტებზე ორი პირი დამნაშავედ ცნო.
“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 5 იანვარს, მესტიის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულები ყაჩაღურად თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს, რა დროსაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა დანის მუქარით, ერთ დაზარალებულს წინააღმდეგობის გაწევის უნარი შეუზღუდა, ხოლო მეორე ბრალდებულმა არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაზიანება მიაყენა მას. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულებმა ცეცხლსასროლი იარაღის და დანის გამოყენების მუქარით მეორე დაზარალებული იძულებით ჩასვეს ავტომანქანაში და დაუსახლებელ ადგილას დატოვეს, რომელსაც დახმარება გამვლელებმა აღმოუჩინეს.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, – ნათქვამია უწყების მიერ გაკეთებულ განცხადებაში.