საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2025 წლის ივლისის ბოლოსათვის 66.12 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 122.33 მილიონი ლარით, ანუ 0.18%-ით ნაკლებია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.
სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 14.93% შეადგინა.
ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 388.70 მლნ ლარით, ანუ 1.03%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 511.03 მლნ ლარით, ანუ 1.79%-ით შემცირდა.
ამასთან, ცენტრალური ბანკის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2025 წლის ივლისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 10.79 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 1.06%-ითნაკლებია, ხოლო უცხოური ვალუტით 18.81 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვის იგივე მაჩვენებელს 1.53%-ით ჩამორჩება.
ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის ივლისის განმავლობაში 0.94%-ით, ანუ 318.69 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ივლისის ბოლოსათვის 34.21 მილიარდი ლარი შეადგინა.
2025 წლის ივლისის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 57.61% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.693 პროცენტული პუნქტით.