ნარკოდანაშაულში ბრალდებული ჟურნალისტი, ნიკა კაცია სასამართლომ უდანაშაულოდ მიიჩნია და ის მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.
„მიუხედავად იმისა, რომ ნიკა კაციას ოქმზე ხელმოწერით აღნიშნული ჰქონდა, რომ პრეტენზია არ გააჩნდა, სასამართლო მსჯელობს მოპოვებული მტკიცებულებებით – შეეძლო თუ არა ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვება. სასამართლო მსჯელობს მაღალი სტანდარტით“, – განმარტა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა.
შეგახსენებთ, ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.