გაკეთებულ განცხადებაში თინა ბოკუჩავა ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს და თამარ ჩერგოლეიშვილთან ყველანაირი კავშირის გაწყვეტისკენ მოუწოდებს.
ამის მიზეზი თამარ ჩერგოლეიშვილის 28 აგვისტოს ერთ-ერთი მედიის სოციალურ ქსელებში დაწერილი კომენტარებია, რომლებშიც ის მის მიმართ დაწერილ უარყოფით კომენტარებს მოქალაქეების პირადი გვერდებიდან აღებული არასრულწლოვნების ფოტოებით პასუხობდა.
“მტკიცედ მწამს, რომ ბოროტებას ბოროტებით ვერ დაამარცხებ, სიძულვილს სიძულვილით, ამორალობას ამორალობით.
ივანიშვილის გახრწნილ რუსულ რეჟიმთან ბრძოლაში, მას თუ დავემსაგვსეთ სიძულვილში, ამორალობაში, ბოროტებაში, აუცილებლად დავმარცხდებით.
მე არ მჯერა პოლიტიკის ეთიკური ნორმების გარეშე, არც გამარჯვების მჯერა, რომელიც დაცლილია მორალისგან. მიზანი არ და ვერ ამართლებს საშუალებას, განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება ბავშვებს, მათ კეთილდღეობას, მათ უსაფრთოხებას, მათ ბედნიერებას.
რა განასხვავებს იმ ადამიანს ივანიშვილისგან, რომელიც ჩვენს შვილებს იჭერს, ცემს, აწამებს, წამლავს, აშინებს, ვინც თავადაც ივანიშვილის მსგავსად უდანაშაულო მცირეწლოვან ბავშვს ბრძოლის ინსტრუმენტად აქცევს? ვისაც შეუძლია ბავშვს აგინოს, დაწყევლოს? ეს ყოვლად დაუშვებელია და სცდება ყოველგვარ პოლიტიკურ თუ ადამიანურ მორალს.
ბავშვების მაწყევარ და მაგინებელ პოლიტიკურ ფიგურასთან მე პირადად არასოდეს არაფერი მექნება საერთო.
მივმართავ რვა პარტიის ფორმატში მყოფ ყველა სხვა პარტიას, რომლებიც გავერთიანდით 4 ოქტომბრის რუსული სპეცოპერაციის წინააღმდეგ, ერთობლივად მივიღოთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ამ მოცემულობაში ამ განცხადების ავტორის რვიანთან ურთიერთობის დასრულების შესახებ” – ნათქვამია თინა ბოკუჩავას განცხადებაში.