თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესთან დაკავშირებით, ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“720 ათასი ლარის ბოტოქსი რომ გაიკეთოს ერთმა ადამიანმა, როგორ წარმოგიდგენიათ, თუ გადარჩა როგორ უნდა გამოიყურებოდეს ახლა… სასამართლოს ქრონიკები”, – წერს კვესიტაძე სოციალურ ქსელში.
აღნიშნულ სხდომას ესწრება თავად ბრალდებულიც.
პროკურატურა საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება. საუბარია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვაზე. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 11 წლამდე ითვალისწინებს.
საქმის გამოძიების თანახამად, მიხეილ სააკაშვილმა, სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიასა და ოთარ ქველიძის მონაწილეობით, მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სდსს-თვის გამოყო თანხები.
პროკურატურის ცნობით, 2009 წლის პირველი მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, საქართველოს ექს-პრეზიდენტის დავალებითა და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367.34 ლარი. საგამოძიებო უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ აღნიშნული ხარჯების ჩამოწერა სდსს-ის უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით განხორციელდა საიდუმლო დოკუმენტებით, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო“ უკანონოდ მიენიჭა.