მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულმა კაცმა, ნიკოლოზ ქრისტესიაშვილმა სასამართლო პროცესზე მომხდარ დეტალებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი მცირეწლოვანი შვილი მკვლელობას არ შესწრებია, რადგან მას ეძინა.
„ერთადერთი არ ვეთანხმები, რომ ბავშვმა ნახა ესო. მას ეძინა, წუთი წუთზე ჩემი ცოლის ძმა უნდა მოსულიყო, აღელვებულ მდგომარეობაში ვიყავი და ვერ დავხვდებოდი მას. დამალვა არ მიცდია, პოლიციას ჩავბარდი“, – განაცხადა ბრალდებულმა.
საქმის პროკურორი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ ბრალდებული ბრალს აღიარებს.
„ნიკოლოზ ქრისტესიაშვილმა 25 აგვისტოს, ღამის საათებში, მის მეუღლეს მძიმე დაზიანებები ძირითადად სახის არეში მიაყენა. გამოძიებით დგინდება, რომ სახეში საკმაოდ ბევრი დაზიანება ჰქონდა. ასევე, კისრის არეში მიაყენა დანით ჭრილობა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა…
დანა, რომელიც იყო გამოყენებული, გარეცხილი იყო, ასევე ტანსაცმელი – სველი, კედლებზე არსებული სისხლის ნაწილი მოწმენდილი იყო, შემთხვევის ადგილზე კი ორი მცირეწლოვანი, მძინარე ბავშვი დატოვა…
ბრალდებული გარკვეული პერიოდის შემდეგ, თვითონ გამოცხადდა პოლიციაში, ამის მოტივი და მიზანი არ ვიცი, რა იყო. მან ცოლის ძმას დაურეკა და უთხრა, რომ მისი და აღარ იყო ცოცხალი და ბავშვებისთვის მიეხედა“, – განაცხადა ვეფხვაძემ. [IPN]
შეგახსენებთ, 25 აგვისტოს, თბილისში, ფონიჭალაში, ბრალდებულმა მეუღლეს, განსაკუთრებული სისასტიკით, ბლაგვი საგნით და დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.