მეტროსადგურ “ვარკეთილის“ რეაბილიტაციის პროცესი წლის ბოლოსთვის დასრულდება – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
“რამდენიმე დღის წინ ჩვენ ადგილზე ვიმყოფებოდით და გავაკეთეთ განმარტებები, რომ რეაბილიტაციის პროცესი წლის ბოლოსთვის უნდა იყოს დასრულებული. მეტროს ფუნქციონირება შეზღუდული იყო იმ სამუშაოებიდან გამომდინარე, რაც ჩატარდა. ძირითადად, ეს იყო მოსაცდელში არსებული თაღის ჭერის გამაგრება, შესაბამისი ხსნარებით და ბეტონით. ამ სამუშაოების ჩატარება აუცილებელი იყო, რათა იმ კონსტრუქციამ, რომელიც რეაბილიტაციის პროცესში უნდა დაიკიდოს, წლებს გაუძლოს. პროექტი ვერ განხორციელდებოდა მაშინ, როდესაც მეტრო მგზავრებს ემსახურება, ამიტომ დროებით მოგვიწია მეტროს ფუნქციონირების შეჩერება“, – განაცხადა კახა კალაძემ.