თბილისი პოლიციამ ოჯახის წევრის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული ნ.ქ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 25 აგვისტოს, თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეს – 1991 წელს დაბადებულ ა.კ.-ს, ბლაგვი საგნის გამოყენებით მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიყენებული დაზიანებების შედეგად ახალგაზრდა ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”. – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში.