„პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავმჯდომარემ, გელა კვაშილავამ, ქობულეთში მომხდარ ავარიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ გამყოფი ბარიერები არ მოეწყობა, ავარიების რაოდენობა არ შემცირდება. ამის შესახებ ის “ბიზნესპრესსნიუსთან” ინტერვიუში საუბრობს.
როგორც BPN-ი იუწყება, კვაშილავა საუბრობს იმ ფაქტორებზე, რომლებიც კონკრეტულად ქობულეთის მონაკვეთზე ავარიების სიხშირეს განაპირობებს და გამოთქვამს მოსაზრებას, როგორც შეიძლება ეს საკითხი მოგვარდეს.
მით უმეტეს, როცა გზა მძღოლს საშუალებას აძლევს, რომ სიჩქარეს მოუმატოს და გასწრებაც გააკეთოს, მათი უმეტესობა ამას აკეთებს და გახშირებულ შემთხვევებსაც ამიტომ ვიღებთ. სიჩქარის კიდევ უფრო ზუსტად და მკაცრად გაკონტროლება და ჯარიმების ზედმიწევნითი აღსრულებაა აუცილებელი.
უშუალოდ ქობულეთის შემოვლით გზაზე რომ ვისაუბროთ, აუცილებელია, იქ ორ შემხვედრ ზოლს შორის გამყოფი ბარიერები გაკეთდეს, რათა მძღოლს გასწრების საშუალება არ ჰქონდეს.
საერთოდ, ყველა მონაკვეთზე, სადაც 80 კმ/სთ სიჩქარეა დაშვებული, რასაც კიდევ 15 კმ/სთ ემატება, უნდა მოეწყოს გამყოფი ბარიერები, სხვა შემთხვევაში, ავარიების რაოდენობა არ შემცირდება.
ყველა ნორმალურ ქვეყანაში ასეა და ასეც უნდა იყოს, თორემ, შემთხვევა შემთხვევაა და ყოველთვის რაღაც შეიძლება მოხდეს, ჩვენ რაც შეგვიძლია, ინფრასტრუქტურულად, მძღოლის კონტროლისა და ჯარიმების აღსრულების კუთხით, მაქსიმალურად უნდა შევამციროთ რისკი.
დიდი ხანია ვამბობ, რომ „შავი წერტილების“ რუკა უნდა შემუშავდეს, აღირიცხოს, კონკრეტული გეგმა გაიწეროს, რაც პრობლემის კომპლექსურად მოგვარებას შეუწყობს ხელს. ამაზე მუშაობაც დაიწყო, თუმცა ამ ეტაპზე რა სიტუაციაა ნამდვილად არ ვიცი. არსებობს თანამედროვე სტანდარტი, ამაზე ბევრს ვსაუბრობთ, მაგრამ არსებითად მაინც არაფერი შეცვლილა და შედეგებიც სახეზე გვაქვს.
ასე რომ, სათანადო აღსრულება, ინფრასტრუქტურის მოწყობა და სიჩქარის მენეჯმენტი პრობლემის გადასაჭრელად უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია“, – განაცხადა კვაშილავამ „ბიზნესპრესნიუსთან“.
შეგახსენებთ, 20 აგვისტოს, ქობულეთის შემოვლით გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 3 დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს. ავარია მას შემდეგ მოხდა, რაც ერთმანეთს ორი შემხვედრი ავტომობილი შეეჯახა. თუმცა ეს არ იყო პირველი ავარია მსხვერპლით, რომელიც სწორედ მაგისტრალის აღნიშნულ მონაკვეთზე მოხდა – 17 ივნისის ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 19 ივნისს – 3 ადამიანი და ა.შ.