“სანადირო თოფიდან გასროლით თავის არეში ჭრილობა მიაყენა მეუღლეს” – ოზურგეთში მომხდარ მკვლელობაზე ცხელ კვალზე დააკავეს 1956 წელს დაბადებული ზ.რ.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1956 წელს დაბადებული ზ.რ. დააკავეს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით თავის არეში ჭრილობა მიაყენა მეუღლეს – 1969 წელს დაბადებულ ნ.გ.-ს. რის შედეგადაც ნ.გ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ზ.რ. ცხელ კვალზე დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109 -ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.