კეთილი ინებეთ და ბოდიში მოუხადეთ საქართველოს პირველი არხის თითოეულ თანამშრომელს, იმ ცრუ ბრალდებებისთვის, რაც სასამართლოზე იკადრეთ, – ასე ეხმაურება საქართველოს პირველი არხის გადაცემა „მოამბის“ მთავარი პროდიუსერი ნათია თოიძე საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლას.
მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, – „მიხეილ სააკაშვილი – „სახელმწიფო არხი, სუს-ი რომელსაც დაჭრის მერე, უკაცრავად, არ ვენდობი. ჩემს ყოველ სიტყვას აქვს მნიშვნელობა, თუ არ გესმით“.
როგორც ნათია თოიძე “ფეისბუქის” გვერდზე წერს, პირველ არხზე, უკვე ბევრი წელია, „დოკუმენტურ ფილმებს“ და სიუჟეტებს აღარ ამონტაჟებენ პროკურორები და შსს-ს მაღალჩინოსნები.
“ბატონო უკრაინის მოქალაქევ! საქართველოს პირველი არხი, რომლის პირდაპირ ეთერშიც ახლა პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებთ, დიახ, ემსახურება ქართულ სახელმწიფოს და ქართულ საზოგადოებას. თქვენი სიტყვა პირდაპირ ეთერში გადაიცემა იმ სასამართლოს შენობიდან, რომელშიც თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს არც ერთ ჟურნალისტს ფეხი არ დაუდგამს, გადაღებაზე ხომ საუბარი ზედმეტია. ალბათ არავინ გაგაგებინათ, და ჩემგან იცოდეთ – უკვე რამდენიმე წელია პოლიტიკოსებმა, დაკარგეს პირველი არხი. პირველ არხზე, უკვე ბევრი წელია, „დოკუმენტურ ფილმებს“ და სიუჟეტებს აღარ ამონტაჟებენ პროკურორები და შსს-ს მაღალჩინოსნები, ე.წ. ვიორსტკებს აღარ და ვეღარ წერენ თქვენი თანაგუნდელები (სხვათა შორის ვერც სხვისი). კეთილი ინებეთ და ბოდიში მოუხადეთ საქართველოს პირველი არხის თითოეულ თანამშრომელს, იმ ცრუ ბრალდებებისთვის, რაც სასამართლოზე იკადრეთ. ბოდიში მოუხადეთ ირაკლი გედენიძეს, თქვენს ყოფილ ფოტოგრაფს და ახლა პირველი არხის ფოტორეპორტიორს, რომელიც 26 მაისის ფოტოების გადაღების და გავრცელების გამო, მეუღლესთან ერთად, ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეთ, ახლა კი თქვენს წინ დგას და მსჯავრდებული სააკაშვილის ფოტოებს იღებს, რათა ისევ მთელ მსოფლიოს აჩვენოს“, – წერს თოიძე სოციალურ ქსელში.