ჩვენთვის რა თქმა უნდა, მიუღებელია ასეთი ულტიმატუმები, როდესაც ერთ მხარეს გიყენებენ ტრადიციულ ფასეულობებს, ოჯახურ ღირებულებებს, არასრულწლოვანთა ინტერესებს და მეორე მხარეს ევროინტეგრაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ასეთი დილემებით საზოგადოებასთან საუბარი არ უნდა ხდებოდეს.
„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ასეთი დილემებით უნდა ესაუბრებოდნენ ჩვენს საზოგადოებას რომ ან უარი უნდა თქვან ევროინტეგრაციაზე, ან უარი უნდა თქვან ტრადიციულ ფასეულობებზე. ეს არ არის სწორი და ჯანსაღი დილემა. შესაბამისად, საკითხი თავისთავად აქტუალურია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც ოჯახური ღირებულებების და გამჭვირვალობის შესახებ კანონების გაუქმებასთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარებაზე „ნეიტრალური საქართველოს“ ინიციატივას შეეხებოდა, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გამოკითხვა ნებისმიერ თემაზე შეიძლება ჩატარდეს.
„არ ვიცი კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით მე არ მაქვს პოზიცია. ზოგადად საზოგადოებას უნდა ვკითხოთ, პირველ რიგში, ყველაფერი, როდესაც მიიღება გადაწყვეტილებები, თუმცა ამ კონკრეტულ თემაზე გამიჭირდება დღეს რაიმე კომენტარის გაკეთება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ოჯახური ღირებულებების და გამჭვირვალობის შესახებ კანონები არის ეფექტიანი და ეფექტიანად უზრუნველყოფს რისკების პრევენციას.
„ჩვენ ვხედავთ, რა მძიმე ტენდენციებია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყველა თვალსაზრისით, მათ შორის როგორ აისახება პროპაგანდა სტატისტიკაზე ნეგატიური მიმართულებით. ჩვენ გვჭირდება ამის პრევენცია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და ამას ემსახურებოდა ამ კანონების მიღება. თუ ეს კანონები არ არის აქტუალური და რელევანტური, მაშინ რატომ დარდობენ ასე ამ კანონების მიღების გამო. სინამდვილეში ეს კანონები არის ეფექტიანი, ეს კანონები ეფექტიანად უზრუნველყოფს რისკების პრევენციას და სწორედ ამიტომ დარდობენ ის ძალები და ადამიანები, რომლებიც აწარმოებენ არამარტო საქართველოში, არამედ სხვადასხვა ქვეყანაში მანკიერ პროპაგანდას. ეს კანონები უნდა დარჩეს ძალაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.