ანალიტიკოსი და ტელეწამყვანი არჩილ გამზარდია, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლას “ფეისბუქის” პირად გვერდზე აფასებს:
“მთლიანობაში, ვუსმინე პრეზიდენტის ისეთ რიტორიკას, რასაც ვისმენდი წლების განმავლობაში სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში – რომ ის არის აღმაშენებელი, რომ ყველა, ვინც მას ეწინააღმდეგებოდა, იყო და არის მტერი, რომ ყველაფერი, რაც მაშინდელმა ხელისუფლებამ დააშავა, იყო არა დანაშაული, არამედ მხოლოდ მცირე გადაცდომა, რაზედაც ლაპარაკი არ ღირს ან მხოლოდ მსუბუქად შენიშვნის ფორმით.
სულ ეს იყო”, – წერს გამზარდია სოციალურ ქსელში.
დღეს, 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებული საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ბრალდებული სხდომას თავად პირველად ესწრება.
სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
https://mix.metronome.ge/23953-2/