თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. პროცესს ესწრება თავად ბრალდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც.
პროცესზე ყოფნის ფოტოს პირველი არხი ავრცელებს.
აღნიშნულს იურისტი თამთა მეგრელიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე შემდეგნაირად ეხმაურება:
“კადრი, რომელსაც მთელი ქვეყანა დიდი ხანი ელოდა!
სააკაშვილი გასამართლდება და ბოლომდემ მოიხდის სასჯელს იმ გაუგონარი დანაშაულებისთვის, რაც ქვეყნის წინაშე ჩაიდინა!” – წერს მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, ის არ აღიარებს პროკურატურასა და ქართულ მართლმსაჯულებას. ამის შესახებ მან 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.
„არ ვაღიარებ პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას, აქ არ ვარ იმისთვის, რომ წინასწარ დაწერილი კომედიის ნაწილი ვიყო,“- განაცხადა სააკაშვილმა.
ამასთან, მოსამართლეებმა სააკაშვილს მიმართეს, რომ ბრალდებულს უფლება აქვს, წყალი დალიოს, რაზეც სააკაშვილმა მიუგო, რომ მათ სიკეთეს აფასებს.
ამასთან, პროცესის დაწყებისას დამსწრეებმა საქართველოს ჰიმნი ჩართეს, რასაც მოსამართლეების მხრიდან შენიშვნა მოჰყვა.
„ჰიმნის აკრძალვა? საქართველოს ჰიმნის ქვეშ, მე, რომელმაც შევქმენი ეს ჰიმნი, მე არ მინდა, ახლა კამათი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეს კოლეგია სამი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს.