“ოცნება” უნდა შეეგუოს, რომ ეს დღე ძალიან მალე დადგება, მათ მოუწევთ იყვნენ ოპოზიციური ძალა, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ ბრიგინგზე განაცხადა.
გეგელიას თქმით, “ოცნებას” არანაირი რეიტინგი არ გააჩნია.
„არანაირი სხვა რეიტინგი მათ [„ოცნებას”] არ გააჩნიათ. ასე, რომ ბაქი-ბუქს შეეშვან. ახლა ჩვენი მიზანი არის, რომ ყურადღება მივაქციოთ ახალ არჩევნებს. ამ ახალ არჩევნებში „ქართული ოცნება“ გახდება დიდი, მნიშვნელოვანი და სერიოზული, მაგრამ ოპოზიციური ძალა. ისინი უნდა შეეგუონ, რომ ეს დღე ძალიან მალე დადგება, მათ მოუწევთ იყვნენ ოპოზიციური ძალა. ჩვენ არ დავუწყებთ მათ დევნას და დაპატიმრებას იმიტომ, რომ ღირსეული ადამიანები ვართ მათგან განსხვავებით. ძალიან მარტივია – ისინი უნდა გადავიდნენ ოპოზიციაში, სადაც არის მათი ადგილი.
წარმოუდგენელია, ქართველი ხალხი მხარს არ გიჭერდეს და „ტიტუშკების“, რამდენიმე ასეული „რობოკოპის“ გამოყენებით, გინდოდეს მთელი პოლიტიკური ძალაუფლების მიტაცება, ეს უბრალოდ არ გამოვა. ასეთი რაღაც არ მომხდარა და არ მოხდება. […]
რაც შეეხება მერობის კანდიდატს, ჩვენ ვართ მსჯელობის ბოლო ფაზაში და ძალიან მალე საზოგადოებას მერობის კანდიდატს წარვუდგენთ”, – თქვა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ.