რასაც ახლა ნაცმოძრაობა სასამართლოსთან აკეთებს არის ფეხებში გასროლა.
ვერ ძლებენ, რომ დესტრუქციაში არ გადაიყვანონ – ასე ეხმაურება პოლიტიკის ანალიტიკოსი, ამირან სალუქვაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე, საქალაქო სასამართლოს ეზოში მიმდინარე მოვლენებს, სადაც საქართველოს ექს-პრეზიდენტის სასამართლო პროცესის პარალალურად, სამოქალაქო აქტივისტებმა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა, აღმაშენებლის ხეივანზე, საავტომობილო გზის ორივე მიმართულება გადაკეტეს.
“ძალიან ცდილობთ, რომ სააკაშვილი აწი აღარ გადაიყვანონ სასამართლო დარბაზში.
ენმ-ის 100 აქტივისტს გადაკეტილი აქვს დიღმის გზა, დედაქალაქის მთავარი მაგისტრალი, რაც ათასობით ადამიანს, მ.შ. საგანგებო სიტუაციებს უქმნის პრობლემებს.
ფულით რომ მიგყავთ ხალხი სააკაშვილის სასამართლოზე, ეს უკვე ფსკერია.
პოლიციელზე ხელის აწევა ოპოზიციის სასარგებლოდაა?
ეს ხმაური რომ სასამართლოზე ზეწოლის მცდელობაა, ახსნა სჭირდება?
ამ ძიძგილაობით საზოგადოებას სანახაობას რომ უწყობთ, ვერ ხვდებით?
თქვენი საქმის თქვენ იცით. მაგარი მრჩევლები გყავთ.
ჩართეს უკვე სატელეფონო “ლაივები”. ჯანსაღად გამოიყურება”, – წერს სალუქვაძე სოციალურ ქსელში.
საქალაქო სასამართლოსთან, სააკაშვილის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა. აქციის მონაწილეები აღმაშენებლის ხეივანში, გზის სავალი ნაწილის სრულად გადაკეტვას ცდილობენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებული საქართველოს ექს- პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ბრალდებული სხდომას თავად პირველად ესწრება.
სხდომაზე მედიასაშუალებებიდან მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუშვეს, თუმცა მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ რამდენიმე წუთის განმავლობაში დარბაზიდან პირდაპირი ტრანსლირების განხორციელება შეძლო. კადრებში ჩანს, მსჯავრდებულებისთვის განკუთვნილ, გისოსებით შემოსაზღვრულ სივრცეში განთავსებული მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.