შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 მარტს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ 3 ადამიანი დააკავა, საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ.
მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული გიორგი მიქაძეა, მის ძმას დავით მიქაძეს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. მათ გამოძიება ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შეკვეთას ედავება.
ძმები გიორგი და დავით მიქაძეები ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებულ პირებად მიიჩნევიან.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ძმები დ.მ. და გ.მ. ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებულ და სხვადასხვა საკითხებზე, დაპირისპირებულები იყვნენ ლ.ჯ.-სთან და გააჩნდათ პირადი მტრული მოტივი მის მიმართ, რის გამოც მისი შეკვეთით მკვლელობის ორგანიზება მოახდინეს. დაპირისპირებაში მყოფი პირები დაუკავშირდნენ გ.ჯ.-ს და დანაშაულის სისრულეში მოყვანის მიზნით, პირის მოძიებაში დახმარება სთხოვეს.
დანაშაულში ჩართული პირების მონაწილეობით მოძიებულ იქნა პირი-გ.ჯ.-ს პირადი დაცვის თანამშრომელი, რომელიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაგეგმილ მკვლელობას სისრულეში მოიყვანდა. ასევე დგინდება, რომ გ.ჯ.-მ და გ.კ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები, რომელთაგან ერთ-ერთი საბოლოოდ, გ.მ.-სა და დ. მ-ს მეშვეობით გ.უ.-ს გადაეცა ხსენებული მკვლელობის განხორციელების მიზნით.
გ.უ.-მ მიმდინარე წლის 14 მარტს, ჭავჭავაძის გამზირზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ლ.ჯ. მოკლა, ხოლო მის თანმხლებ პირს მიაყენა სხეულის დაზიანება.
საქმეზე ჩატარებულ იქნა მთელი რიგი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, გამოიკითხა ათეულობით მოწმე, მათ შორის მ.ბ., რომელმაც ცრუ ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას და დაფარა დანაშაული.
ამოღებული და გაშიფრულია ათობით საათის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, დანიშნულია ექსპერტიზები, ჩატარებულია მობილური ტელეფონების და მათი მომსახურე ანძებიდან ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება, ამოღებულია არაერთი ნივთიერი მტკიცებულება”- ნათქვანია შსს-ის განცხადებაში.