“ტრამპის მარშრუტი არის ალტერნატივა მთავარი განძის – შავი ზღვის. შუა დერეფანი აღარ არის საქართველოს ექსკლუზივი. ისტორია ტრაგიკულად შეიცვალა: საქართველოზე აღარ გადის აბრეშუმის გზა. ის სომხეთზე გადის” , – ნიკა გვარამია ციხიდან აზერბაიჯანისა და სომხეთის ზავის შედეგად კავკასიაში ამერიკის სავაჭრო კორიდორთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“თეთრ სახლში დადებული ხელშეკრულებით აზერბაიჯანი და სომხეთი მიიღებენ უზარმაზარ შემოსავლებს, ტერიტორიულ მთლიანობას, ხელშეუხებლობას, შიდა მშვიდობას, უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებს ამერიკისგან, რომელიც საკუთარ შეიარაღებულ ძალებს განალაგებს ზანგეზურის დერეფანში.
თბილისიდან დაახლოებით იმავე მანძილზე (რაც ბათუმი და ზუგდიდი), სომხეთი მალე მიიღებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას და რამდენიმე წელიწადში გახდება ევროკავშირის წევრი.
ტრამპის მარშრუტი არის ალტერნატივა მთავარი განძის – შავი ზღვის. შუა დერეფანი აღარ არის საქართველოს ექსკლუზივი. ისტორია ტრაგიკულად შეიცვალა: საქართველოზე აღარ გადის აბრეშუმის გზა. ის სომხეთზე გადის. თბილისი დღევანდელი მდგომარეობით გეოგრაფიული, გეოპოლიტიკური ეკონომიკური და სატრანსპორტო ჩიხის დედაქალაქია. აი რა შევძელით საქართველოს თანამედროვე თაობებმა: ისტორიული ფუნქცია დავუკარგეთ ჩვენს სამშობლოს, გავანიავეთ დავით აღმაშენებლის მონაპოვარი, მემკვიდრეობა, რომელსაც ჩვენი წინაპრები თავისი სიცოცხლის ფასად იცავდნენ საუკუნეები. ერთმა ფაშინიანმა უფრო მეტი შეძლო თავისი სამშობლოსთვის, ვიდრე ჩვენმა ისტორიულმა ბრძოლამ და ქართველთა ათობით თაობამ. ფაშინიანის სომხეთს და ალიევის აზერბაიჯანს აქვს კეთილდღეობის, მშვიდობის და განვითარების უზარმაზარი პერსპექტივა, რაც ჯერ კიდევ გუშინ არ ჰქონდა. საქართველო კი კარგავს ყველაფერ იმას, რაც ჯერ კიდევ გუშინ ჰქონდა. ტრამპთან იდგა ორი ლიდერი, რომელიც ხელს აწერდა იმას, რაზეც ერთი წლის წინ არც კი უფიქრიათ და ვერც ხედავდნენ.
საქართველოში კი ზის საკუთარი ქვეყნის მიმტაცებელი და საკუთარ ქვეყანას აბრალებს ომის დაწყებას. საქართველოში ციხეში ზის კაცი, რომელიც ოცი წლის წინ უზუსტესი დეტალებით ქადაგებდა ამ იდეას. ცხადია, მიხეილ სააკაშვილს ვგულისხმობ. საქართველოს მართავს კაცი, რომელიც ღიად აცხადებს ჩვენს სამშობლოს პატარა სოფლად და სვამს შეკითხვას: რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაზე?!
და მაინც საქართველოს დარჩა შანსი და საქართველომ მიიღო მნიშვნელოვანი სიკეთეები ამ შეთანხმებით.
პირველი და მთავარი: სამუდამო მშვიდობა.
თბილისიდან 500 მეტრში იდგება ამერიკული ჯარი და იქნება ამერიკული ინტერესი, რაც იმთავითვე გამორიცხავს მის სიახლოვეს რაიმე შეიარაღებული კონფლიქტის განვითარებას.
ასე რომ დასრულდა ომის პროპაგანდა – ომი არ იქნება. წერტილი!
მეორე: სამხრეთ კავკასია ფაქტიურად ერთგვარი კონფედერაციული მოწყობისკენ წავიდა და საქართველოს გარეშე ეს საკითხი გამორიცხულია შედგეს. ასე რომ ოლიგარქიის დამხობა და ჩვენი ინტეგრაცია ამ უზარმაზარ ეკონომიკურ, გეოპოლიტიკურ პროექტში მყისიერ და პირდაპირ კავშირშია.
მესამე: უკრაინა თავისი პორტებით გახდება პროექტის პრიორიტეტული წერტილი შავი ზღვის გადაღმა. (ტრამპი ჩქარობს უკრაინაში მშვიდობის მიღწევას და მიაღწევს კიდეც) ხოლო სადაც შავი ზღვის დასავლეთ ნაპირია, ანუ უკრაინა, იქ აუცილებლადაა შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაპირი, ანუ საქართველო. საქართველო უალტერნატივოა. რატომ არა თურქეთი? იმიტომ რომ მას ევროკავშირობის პერსპექტივა არ აქვს.
ასე რომ საქართველოს შანსი აქვს მანამ, სანამ შანსი აქვს მის ევროკავშირში გაწევრიანებას. ახალი ღრმაწყლოვანი პორტის აგება, რომელიც ტრამპის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი უნდა გახდეს, და თან ევროკავშირის ტერიტორიაზეც იქნება, უკვე გეოპოლიტიკური გადატრიალებაა და საქართველოს აქცევს არა კავკასიის, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე დაცულ ქვეყნად; სადაც ფაშინიანი და ალიევი შერიგდნენ, იქ აფხაზეთის რეინტეგრაცია საქართველოს ერთიან წიაღში სრულიად უპრობლემოდ მოხდება.
სიმშვიდის და უსაფრთხოების სანაცვლოდ აფხაზები ულაპარაკოდ მიიღებენ ერთიანობის შეთავაზებას.
შესაძლებლობების ფანჯარა ძალიან ცოტა ხანს იქნება ღია. ამის რეალიზაციას კი ოლიგარქიის დამხობა სჭირდება. ცხადია, კლეპტოკრატ ივანიშვილს არავინ დაასვამს თავზე ამხელა ფულის ნაკადებს, არც ანტიდემოკრატიულ პრორუსულ სახელმწიფოს მიიღებენ ევროკავშირში. (სამწუხაროდ, ასეთია დღეს საქართველო)
ასე რომ, ან ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სიკეთე, ან ივანიშვილი. ორივე ერთად გამორიცხულია.
ჯერ კიდევ გვაქვს დრო, დაწყევლილი თაობების და სამშობლოს დამანგრევლების სახელით არ ჩავეწეროთ საქართველოს ისტორიაში. უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად, გამბედავად და სწორხაზოვნად!
პ.ს. 4 ნომერი დაგვიკარგავს ახლებს და 5 ნომერი დაუკარგავს ნაციონალურ მოძრაობას. ოღონდ აქვე ვკითხულობ: რა დროს ნომერია?
სამშობლოს ვკარგავთ და სრულიად მეორეხარისხოვანია ყველაფერი დანარჩენი. სამშობლოც უნდა დავიბრუნოთ და ნომრების დროც მოვა.
მთავარია ღირსება არ დავკარგეთ და არ დავკარგეთ ხალხის ნდობა რაღაც გაუგებარი და მოგონილი თვითმმართველობის არჩევნების სანაცვლოდ” – წერია ნიკა გვარამიას მიერ ციხიდან გაკეთებულ განცხადებაში.