“ანდრო ჭიჭინაძემ მითხრა, სუს-დან გამოჟონილი ინფორმაცია გავრცელდა, დასაჭერი ადამიანების სია არის, რომელშიც ვარო – მისი გინებაც კი არ გამიგია” – ამის შესახებ მსახიობმა გიგა დათიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
“ჩვენ ორივეს გვყავს შვილები, ჩვენი ამოსავალი წერტილი არის ჩვენი შვილების მომავლის უზრუნველყოფა და ამის შესაძლებლობას ვხედავთ ევროკავშირში. როცა ამას საფრთხე შეექმნა გამოვედით საპროტესტო აქციაზე“, – განაცხადა დათიაშვილმა.
მან დეტალურად ისაუბრა, თუ რა ხდებოდა და როგორ ვითარდებოდა მოვლენები საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას.
„აქცია მაშინ იძაბებოდა და პირველად მაშინ დაიძაბა, როცა ე.წ. რობოკოპები გამოჩნდნენ და პატრულის თანამშრომლები ჩაანაცვლეს. მათ პირდაპირ, მიზანმიმართული შეურაცხყოფა დაიწყეს აქციის მონაწილეების, გვაგინებდნენ, გვემუქრებოდნენ დაჭერით, აქედანაც იყო რეპლიკები, ვიღაც ალბათ გინებას გინებით პასუხობდა, ასე ვითარდებოდა იქ ვითარება. სიტუაციას შავნიღბიანი ადამიანები ძაბავდნენ. გამოეყოფოდნენ ე.წ. რობოკოპებს “მორბენალი ადამიანები” და იყო თავპირის მტვრევა, ხალხის ცემა, ნაცემ ადამიანებს უკან აგდებდნენ, ჩამომყავდა და სასწრაფო დახმარების მანქანაში შემყავდა. უცნაური იყო, რომ 29 ნოემბერს, თითქმის არავინ დაუკავებიათ, შეითრევდნენ, სცემდნენ და უკან აგდებდნენ, ეს უცნაური ფაქტია, ძალიან მძიმე საყურებელი იყო ყველაფერი.
მე შევესწარი შემთხვევას, როცა ერთმა ადამიანმა აიღო რაღაც და ისროლა სამართალდამცავების მიმართულებით. კონფლიქტი დაიწყო, ნიღაბი მოხსნეს ამ ადამიანს და ერთმა უთხრა, შენ დიდუბის პოლიციაში არ მუშაობო? არ უარყო, მერე პოლიციელი რომ ვარ, ხელს რატომ მკრავო” – განაცხადა დათიაშვილმა.
ცნობისთვის, ის ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე ჩვენებას აძლევს. ის დაცვის მხარის მოწმეა.