ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს. მათივე თქმით, საქართველოში დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის სამი ფაქტი გამოვლინდა.
სამძებრო ღონისძიებები თბილისში, ოზურგეთსა და სამეგრელოს რეგიონში ჩაატარდა, რის შედეგადაც, დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის სამ ფაქტზე სამი პირია დაკავებული. ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამში, 8 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 39 000 ლარს აღმატება.
“საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის სამი ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის სამ ფაქტზე სამი პირი დააკავა.
საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულის გამოსავლენად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და საგამოძიებო მოქმედებები თბილისში, ოზურგეთსა და სამეგრელოს რეგიონში ჩაატარა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამში, 8 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 39 000 ლარს აღმატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით” – წერია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.