პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თავისი დაკავებული წევრის, ლაშა ცანავას საქმესთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს.
ენმ-ის განცხადებაში წერია, რომ ბრალდებული შანტაჟისა და მუქარის მსხვერპლია. მას თავისუფლებისა და ფულის სანაცვლოდ შესთავაზეს ლევან ხაბეიშვილის ფარული მიყურადება.
“ლაშა ცანავამ, რომელიც პოლიტიკური დევნის შედეგად რამდენიმე დღის წინ დააკავეს, სასამართლო პროცესზე ღიად და დაუფარავად ისაუბრა იმ ზეწოლის, შანტაჟისა და მუქარის შესახებ, რომელიც მის მიმართ სუს-ში მისი დაკავების შემდეგ განხორციელდა. კერძოდ, ცანავამ თქვა, რომ მას თავისუფლებისა და ფულის სანაცვლოდ შესთავაზეს ლევან ხაბეიშვილის ფარული მიყურადება, ფარული ჩანაწერების გაკეთება და მის წინააღმდეგ გარკვეული კომპრომატების შეგროვება, რომელსაც სახელისუფლებო პროპაგანდა ხაბეიშვილისა და პარტიის დისკრედიტაციის მიზნით გამოიყენებდა.
იმის მიუხედავად, რომ ეს განცხადება საჯაროდ გაკეთდა, ამ დრომდე მას საგამოძიებო ორგანოების მხრიდან საჯარო გამოხმაურება, გამოძიება და რეაგირება არ მოჰყოლია. ჩვენ ერთი წუთით არ გვჯერა, რომ ან სუსი, ან პროკურატურა ამ ნაბიჯს გადადგამენ, ენმ ვიცავთ რა იურიდიულ, ფორმალურ ვალდებულებას და ვითხოვთ ამ ფაქტის მყისიერ მოკვლევასა და გამოძიებას. თუ ამ ტიპის საგამოძიებო მოქმედებები არ დაიწყება, ამით კიდევ ერთხელ დადასტურდება ჩვენი პოლიტსაბჭოს წევრის პოლიტიკური პატიმრობის საკითხი”– წერია ენმ-ის განცხადებაში.