დღეს, 4 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში “ნეტგაზეთისა” და ბათუმელების” დამფუძნებელის, მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოცხადდა.
მისი თქმით, სასამართლო განაჩენის გადავადებით საზოგადოებას დასცინიან და თავად მზია ამაღლობელს მძიმე პირობებში აყენებენ, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად.
“არ მაქვს მოლოდინი. ერთხელ და სამუდამოდ ვთქვი, რომ მე პროგნოზებს არ ვაკეთებ. ძალიან მძიმე დღე არის. საზოგადოებას დასცინიან ამ გაგრძელებით. ძალიან მძიმე პირობებში აყენებენ. ეს წასვლა-წამოსვლა რთულია. ცხადია, რთულია ფსიქოლოგიურადაც, როცა ელოდები, რომ დღეს იქნება განაჩენი და კიდევ გადაიდო. სრულად საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ ბოლომდე შეესწავლა, შაბათ-კვირა იყო,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, მზია ამაღლობელის საქმის განხილვა სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას ითვალისწინებს. მას 4-იდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სასამართლო მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს 6 აგვისტოს გამოაცხადებს.