“ვარდების რევოლუციიდან” 18 წლის გასვლის დღესთან დაკავშირებით, სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“ვარდების რევოლუციის მადლიერი ვიყავი და ვიქნები მთელი ცხოვრება. სწორედ მისი წყალობით, მიუხედავად გამორჩეულ სიღარიბეში გაზრდისა, და მიუხედავად პრივილეგიების არარსებობისა, მომეცა შესაძლებლობა, მიმეღწია წარმატებისთვის, გავმხდარიყავი სტუდენტი იქ, სადაც მინდოდა და სრული დაფინანსებით დავსაქმებულიყავი არასამთავრობო სექტორშიც და საჯარო სამსახურშიც ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, მხოლოდ ჩემი კომპეტენციისა და სიყოჩაღის იმედზე; გავმხდარიყავი წარმატებული ახალგაზრდა, რომელსაც მშობლების და ქმრის ჭკუაზე გავლა არ მოუწევდა, იმიტომ რომ მე ვიყავი ჩემი თავის ბატონ-პატრონი! ვამაყობდი საკუთარი ქვეყნით – წარსულით კი არა, აწმყოთი და მომავალი შესაძლებლობებით. ზოგჯერ იმაზე მეტი ძალისხმევის გაღება მიწევს, რომ იმ მთავრობის მანკიერებებს კარგად გავუსწორო თვალი, ვიდრე ალბათ მათ, ვინც ჩემგან განსხვავებით პრივილეგიები დაკარგა. მაგრამ ამასაც ვახერხებ, არც ეგაა პრობლემა. მოვახერხე მაშინაც, როცა საჯარო სამსახურში ვმუშაობდი და არ მომრიდებია ჩემი კრიტიკის ღიად გამოხატვა. ისტორიას ვერ გადავწერთ, ვერ გავაყალბებთ. დიდ სურათში, ოდნავ მოშორებით მდგომებს, აუცილებლად მოგვიწევს ყველაფრისთვის სწორი სახელის დარქმევა და სამართლიანად შეფასება. ჩვენ თუ არა, ჩვენი შვილები მაინც გააკეთებენ ამას”, – წერს სუბელიანი სოციალურ ქსელში.
ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ სახელით ცნობილია 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მისი გაყალბების წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლები, რასაც 23 ნოემბერს მოჰყვა პრეზიდენტის თანამდებობიდან ედუარდ შევარდნაძის გადადგომა და ხელისუფლების შეცვლა.
https://mix.metronome.ge/23809-2/