ძალიან მძაფრად გვახსენდება შოვის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც მთელ ქვეყანას დაგვატყდა თავს – ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით შვეიცარიულ კომპანიასთან ერთად დავიწყეთ კვლევების ჩატარება, რაც შესაბამისი რისკების პრევენციის საშუალებას მოგვცემს, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შოვში განუცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები შოვის ტრაგედიის 2 წლისთავთან დაკავშირებით ჩავიდნენ.
“ძალიან მძაფრად გვახსენდება შოვის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც მთელ ქვეყანას დაგვატყდა თავს – დაღუპული ადამიანები, ბავშვები. ჩვენი ვალია, რომ გავიხსენოთ დაღუპულები და ჩვენი ვალია, მაქსიმუმი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომავალში ასეთი ტრაგედიები არ მოხდეს. მანამდე არ არსებობდა ასეთი პრეცედენტი, რაც დაკავშირებული იყო მყინვარულ ღვარცოფთან – ასეთი კვლევა არ იყო ჩატარებული, ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით შვეიცარიულ კომპანიასთან ერთად დავიწყეთ კვლევების ჩატარება. მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვიკვლევთ მყინვარებს, ეროზიულ პროცესებს და ეს ყველაფერი მოგვცემს შესაბამისი რისკების პრევენციის საშუალებას.
შოვში მოეწყობა მემორიალი – თვე-ნახევარში უკვე დასრულდება მოპირკეთების სამუშაოები და უახლოეს მომავალში ტაძრის მშენებლობა დაიწყება. პროექტი უკვე შემუშავებულია, რასაც კიდევ ერთხელ გავეცანით და უახლოეს მომავალში მშენებლობა დაიწყება. ეს ყველასთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის, რომლებიც ძალიან ხშირად ამოდიან ტრაგედიის ადგილზე. მნიშვნელოვანია შოვში ეს ტაძარი აშენდეს, მათ შორის იმისთვის, რომ ჩვენ ამითაც მივაგოთ პატივი დაღუპულთა ხსოვნას“ – განაცხადა კობახიძემ.