ნიკა გვარამია დაპატიმრებული სკოლის მასწავლებლის, ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით გადაყვანას ეხმიანება. გვარამია განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისი თქმით, არაფერია უფრო საბჭოთა და ძალადობრივი, ვიდრე დისიდენტის შერაცხადობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება.
“მინდა გამოვეხმაურო დაპატიმრებული სკოლის მასწავლებლის, ნინო დათაშვილის იძულებით გადაყვანას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.
არაფერი უფრო საბჭოთა, არაფერი უფრო ამაზრზენი, არაფერი უფრო მდაბიო და ძალადობრივი არ არსებობს, ვიდრე დისიდენტის შერაცხადობის კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა, როგორც საბჭოთა კავშირში ეძახდნენ “გიჟად გამოცხადება”.
ამაზე უარესი არანაირი პატიმრობა არ არის! ბოლოს ეს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლებამ ჩაიდინა მწერალ, ნაზი შამანაურის წინააღმდეგ, რომელიც მოსკოვში “სბერსკის” ინსტიტუტში გამოკეტა და ის იქ გარდაიცვალა” – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 21 ივნისს ნინო დათაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. იგი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სასამართლოს მანდატურზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 2 აგვისტოს სასამართლომ ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანის ნებართვა გასცა.