საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ელგუჯა მელაძემ, “რადიო პალიტრას” გადაცემაში უმუშევრობის დონესა და მასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში უმუშევრობის დონე მაღალია, ადამიანებს სათანადო კვალიფიკაცია არ გააჩნიათ. როგორც გადაცემაში საუბრისას აღნიშნავს, უმუშევართა დიდი ნაწილი დღევანდელ გამოწვევებსა და მოთხოვნებს ვერ პასუხობს, რაც ორივე მხრისთვის პრობლემური საკითხია – ბიზნესისთვისაც და უმუშევრებისთვისაც.
“ის, რომ ადამიანი 10 წლის წინ კონკრეტულ პროფესიას დაეუფლა, არ ნიშნავს, რომ დღევანდელ მოთხოვნებსა და სპეციფიკაციებს აუცილებლად პასუხობს. ეს, არა მხოლოდ მენეჯმენტის, არამედ ტექნოლოგიური თვალსაზრისითაც შეიძლება ითქვას.
დღესდღეობით ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ ადამიანი მუდმივი განვითარების რეჟიმში იყოს, რაც საშუალებას მისცემს, თანამედროვეობას ფეხი აუწყოს და ბაზარზე კონკურენტული კადრის სტატუსი ჰქონდეს.
იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში უმუშევრობის დონე მაღალია და ბევრი ადამიანი ეძებს სამსახურს, ბიზნესს კვალიფიციური კადრების სერიოზული დეფიციტი აქვს. თანაც, იმ ფონზე, რომ დამქირავებელი ყოველთვის დაინტერესებულია, დასაქმებულთან მისი თანამშრომლობა ხანგრძლივი იყოს, რადგან ბიზნესის სტაბილურად განვითარების ერთ-ერთი საფუძველი სწორედ ესაა” – განაცხადა მელაძემ “რადიო პალიტრას” ეთერში.