სინოპტიკოსების ვარაუდით, აგვისტოში ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს და ზაფხული კიდევ უფრო ცხელი იქნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების რისკს ზრდის.
ამ თემაზე “მეტრონომი” “საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარეს, ნინო ჩხობაძეს დაუკავშირდა.
როგორც ნინო ჩხობაძემ განმარტა, საქართველოში მაღალი ტემპერატურები შენარჩუნდება. ამ კვირაში, გარკვეულ ადგილებში, ფიქსირდება 40-43 გრადუსი.
მისივე თქმით, ხანძარსაშიში მდგომარეობა უკვე არის, რადგან ტემპერატურა ძალიან მაღალია.
“დავიწყოთ იქედან, რომ მეზობელ თურქეთში კვლავ ტყის ხანძრებია, რაც რთული მოვლენაა. საქართველოში ხანძარსაშიში მდგომარეობა უკვე არის, რადგან ტემპერატურა ძალიან მაღალია.
ზოგადად დედამიწაზე ფიქსირდება ძალიან მაღალი ტემპერატურები. თურქეთში ტემპერატურამ უკვე 40 გრადუსამდე მიაღწია. ჩვენც ველოდებით, რომ აქაც იქნება მაღალი ტემპერატურები. ამ კვირაში საქართველოში გარკვეულ ადგილებში ფიქსირდება 40-43 გრადუსი.
მინდა ვთხოვო ყველას, რომ ძალიან ფრთხილად იყვნენ იმ თვალსაზრისით, რომ როცა კოცონს ანთებენ, არ დატოვონ ნახევრად ჩამქვრალი იმიტომ, რომ ააალების რისი მაღალია. ადამიანებმა უნდა მოუფრთხილდნენ ბუნებას და არ გააღვივონ ის პროცესები, რაც მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს მათ ჯანმრთელობასა და გარემოს.
რაც შეეხება სტიქიურ მოვლენებს, გასულ თვეში საქართველოში მეწყერები გამოწვეული იყო ძლიერი ნალექების შედეგად, ვინაიდან საქართველოში მეწყერსაშიში ზონები გაძლიერებულია, სრულიად შესაძლებელია, რომ ბევრ ადგილას კვლავ მოხდეს მეწყერის ფორმირება.
ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ საკეთილდღეოდ ვერაფერს ვიტყვი, წყნარი პროგნოზები არ არის.
სააგენტომ გამოაქვეყნა ინფორმაცია, ყველა საფრთხის მატარებელ ზონებთან დაკავშირებით და მე რამდენადაც ვიცი, ადგილობრივ ხელისუფლებას ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვს.
მაღალი ტემპერატურები შენარჩუნდება, თუმცა გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება რთულია, რადგან სიტუაცია მუდმივად იცვლება, თუმცა ისედაც ძალიან ცხელი ზაფხული და ტენიანობა იმაზე მიანიშნებს, რომ ეს მდგომარეობა გაგრძელდება.” – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.