ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრს, ლაშა ცანავას ბრალი წარედგინა.
საქართველოს პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მიღებას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5600 ამერიკული დოლარი მოთხოვა.
“საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე უცხო ქვეყნის მოქალაქეს გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მიღებას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5 600 ამერიკული დოლარი მოსთხოვა. მოთხოვნილი თანხის ნაწილი ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს მის ანგარიშზე ჩაარიცხინა, ნაწილი კი – 2500 აშშ დოლარი 2025 წლის მაისში და ივნისში შეხვედრებისას გამოართვა.
დაკავებულს ბრალდება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – წერია პროკურატურის განცხადებაში.
საქართველოს პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოს მიმართავს, ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ.