“კორუფცია იმ დონეზე უნდა იქნას განხილული, როგორიც არის ქვეყნის ღალატი – რა გვარის და რა წარმომავლობის ადამიანიც არ უნდა იყოს, ქვეყნის წინაშე ღალატის ეს დონე, რასაც მასშტაბური კორუფციის ხელშეწყობა და მასში ჩართულობა ჰქვია, დაუსჯელი არ დარჩება!“- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა გია ვოლსკიმ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
“რასაკვირველია, ვინმეს დაჭერა-დაკავება თვითმიზანი არ არის. კორუფცია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, ის საკითხია, რაც ქვეყანას ანგრევს. ეს იმ დონეზე უნდა იქნას განხილული, როგორიცაა ქვეყნის ღალატი და პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს ნებისმიერი ადამიანი რა წარმომავლობისაც არ უნდა იყოს და რომელ პოლიტიკურ გუნდშიც არ უნდა იყოს. ეს პასუხისმგებლობა ოპოზიციაში ითარგმნება, როგორც კლანებს შორის დაპირისპირება. არის არა კლანების დაპირისპირება, არამედ საქართველოს ინტერესების დაპირისპირება იმასთან, რასაც კორუფცია ჰქვია. აქ სხვა არაფერი არ არის. ვის გვართანაც არ უნდა მიდიოდეს – რა გვარისა და რა წარმომავლობის ადამიანიც არ უნდა იყოს, ქვეყნის წინაშე ღალატის ეს დონე, რასაც მასშტაბური კორუფციის ხელშეწყობა და მასში ჩართულობა ჰქვია, დაუსჯელი არ დარჩება! გადახედეთ რეიტინგებს – კორუფციასთან ბრძოლაში საქართველო მათ შორის ევროკავშირის არაერთ ქვეყანას მნიშვნელოვნად უსწრებს წინ.