თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ხაინდრავას, სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
პროცესზე თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ბრალდების გაცნობის შემდეგ განაცხადა, რომ ბრალდებას არ ეთამხება.
“ბრალდების შინაარსს გავეცანი, მაგრამ არ ვეთანხმები” – განაცხადა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ყოფილმა მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ. (ipn-ის ცნობით)
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
შეგახსენებთ, დაკავებულებს ბრალად ედებათ თავდაცვის სამინისტროსთვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვაზე დიდი რაოდენობით თანხის, 1 333 728 ლარის გაფლანგვა და 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტალისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც, არარეალური გარიგებების დადების გზით გაიზარდა აპარატის რეალური ღირებულება და 2 606 272 ლარად ღირებული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მიწოდებული იქნა 3 940 000 ლარად. დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ბრალდებულებმა გაფლანგეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი”.