ოცნების ყოფილი დეპუტატი ელდარ-ლუკა კურტანიძე ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით 27 ივლისს დააკავეს. მას შემდეგ რაც მან სამართალ დამცავების წინ ყოფილ მეუღლეს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.
როგორც კურტანიძის ყოფილი მეუღლის ადვოკატი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, მათი 12-წლიანი თანაცხოვრების პერიოდში, ძალადობას ადგილი არაერთხელ ჰქონდა, თუმცა ის არ დაუკავებიათ.
ადვოკატის თქმითვე, ელდარ-ლუკა კურტანიძეს კონკრეტული მფარველები ჰყავდა, რის გამოც მისი დანაშაულები ყოველთვის შემაკავებელი ორდერით შემოიფარგლებოდა.
“ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, ძალადობა ხდებოდა მრავალჯერ, ზოგი გაცხადებული და ზოგი გაუცხადებელი. ვინაიდან წინა ძალადობების დროს იგი არ დასჯილა და მხოლოდ შემაკავებელი ორდერით შემოიფარგლა, ამან განაპირობა ის, რაც განაპირობა. შეიძლებოდა, რომ ეს უფრო მძიმე შედეგითაც დასრულებულიყო. მათი თანაცხოვრება გაგრძელდა დაახლოებით 12 წელი და ამ წლების განმავლობაში იყო ძალადობის შემთხვევები, თუმცა დაზარალებულმა მხარემ პირველად 2019 წელს მიმართა შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით, შემდეგ 2020 წელს, 2024 წელს და 2025 წელს ოთხი შემაკავებელი ორდერია საქმეზე გამოწერილი. გარდა ამისა, საქმეშია სასამართლოს მიერ გამოცემული 9 თვიანი დამცავი ორდერი.
ვფიქრობ, რომ მას (ლუკა კურტანიძეს) მფარველობდნენ. გარკვეული გავლენები ჰქონდა, ამიტომაც არ აკავებდნენ. ყოველი ძალადობის შემდეგ იხდიდა უამრავ ბოდიშს და მანიპულირებდა ადამიანური გრძნობებით. ინანიებდა თავის დანაშაულს, რისი მომსწრეც არაერთი ადამიანია. ის ამბობდა, რომ შეცდომა დანახული კაცია, რომ მას შეეშალა, რომ ცოდვილია და რომ მისმა მეუღლემ უნდა მიუტევოს, თუმცა არ ასახელებდა იმას, რომ მან არაერთხელ იძალადა ყოფილ მეუღლეზე და მას არაერთხელ უღალატა, ის ამ ფაქტებს არ ამბობდა.
რაც შეეხება ხათუნა მიქაცაძეს, მისი მდგომარეობა სტაბილურია. აღენიშნება დაზიანებები ხელისა და მუხლის არეში, ყბის მიდამოებში და აქვს ტვინის შერყევა.” – განაცხადა ლუკა კურტანიძის ყოფილი ცოლის ადვოკატმა.
შეგახსენებთ, ელდარ-ლუკა კურტანიძე დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ბრალდებით გუშინ დააკავეს, რაც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.